სალომე ზურაბიშვილმა ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ანა გოგუაძე ღირსების მედლით დაჯილდოვა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საჭიროა მეტი ძალისხმევა და მეტი ხელშეწყობა, იქნება ეს სახელმწიფოსგან თუ საზოგადოებისგან. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ამას ძალიან დიდი შედეგი აქვს. პირველ რიგში, შედეგი მოაქვს პიროვნებების აქტივობას. წინა წლებში, სხვა სისტემაში ყველაფრის მოლოდინი სახელმწიფოსგან იყო, დღეს კი თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების აქტივობას.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, დავაჯილდოო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ანა გოგუაძის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა და ასისტენტის დანიშვნის უფლების რეალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ანა გოგუაძის მაგალითი სარჩელთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეგიწყვეს, ადვოკატები, რომელთა გარეშეც არ იქნებოდა ის შედეგი, რაც დადგა. ეს არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სახელმწიფომ აღიარა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ თქვენგანს დახმარება სჭირდება და უნდა დაუნიშნოს ასისტენტი. მე არ ვიცი, დღეს რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ საშუალებით, მაგრამ ამ მაგალითით ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამის უფლება აქვთ და გამოიყენონ ეს უფლება.

თქვენ ხართ ძალიან დიდი მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც შეიძლება, იბრძოლოთ. მე ყველას მინდა მოვუწოდო – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ყოველთვის არის შედეგი და გამარჯვება. თანაბარი უფლებები ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და საძირკველია. თუ ეს ყველასთვის არ იქნება, მაშინ არაფერი არ იქნება. ყველასთვის უნდა არსებობდეს ეს თანასწორობა და თანაბარი უფლებები. მინდა, მოგილოცოთ ყველას ეს დღე, გისურვოთ წინსვლა და წარმატება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავსი მხრივ, ანა გოგუაძემ საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, ვისაც ესაჭიროებოდა პირადი ასისტენტის სერვისი. მიხარია, რომ ეს გამოგვივიდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ზრუნავდეს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და შენებაზე“, – აღნიშნა ანა გოგუაძემ.