სალომე ზურაბიშვილმა ​კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ბულგარელ კოლეგასთან ​​ვიდეოზარით ისაუბრა
სალომე ზურაბიშვილმა ​კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ბულგარელ კოლეგასთან ​​ვიდეოზარით ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოსა და ბულგარეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და ვირუსის წინააღმდეგ ქვეყნებში გატარებული ზომები განიხილეს, შესაბამისი სტატისტიკა გააცნეს ერთმანეთს და პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრეს.

„საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული მიმართულებით შავი ზღვის რეგიონული სოლიდარობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პანდემიის პოსტკრიზისულ პერიოდში შავ ზღვას, სატრანსპორტო და სავაჭრო კუთხით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა, დღეს მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დამოუკიდებლად და მარტო გაუმკლავდეს პანდემიას, ამიტომაა მნიშვნელოვანი ერთიანი და სოლიდარული მოქმედება.

„აღინიშნა, რომ საქართველომ და ბულგარეთმა მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში უნდა იმოქმედონ, რათა მომზადებულები შეხვდნენ პოსტკრიზისულ პერიოდს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან ბორდერიზაციის საკითხზე ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კრიზისისას ვითარების დეესკალაცია.

„ბულგარეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ასევე საქართველო სტრატეგიულ და პრიორიტეტულ პარტნიორს წარმოადგენს ევროკავშირისათვის“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ბულგარეთს, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლისას ფინანსური მხარდაჭერისათვის.