სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა
სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში, ქვეყნის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ ქართველი და პოლონელი ხალხის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სწრაფი ინტეგრაცია უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ ხალხს და პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს გვერდით დგომისა და ერთგულებისთვის.

„ჩვენს ხალხებს აერთიანებს ის, რომ ორივე ერმა იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ბრძოლის ფასი. ჩვენ გვაერთიანებს ქრისტიანული ფესვები, რომელიც ასევე ევროპული ფესვებიცაა.

ეს ღირებულებები და ფასეულობები არ ისწავლება. ეს ღრმადაა ჩანერგილი ჩვენს კულტურასა და ერის იდენტობაში.

ამ ღირებულებებით მოვდივართ ჩვენც და პოლონელი ხალხიც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა ყველა იმ პოლონელი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის როლი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.