სალომე ზურაბიშვილის პასუხი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე - შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ რაიმე დანაშაული, არავის აქვს უფლება, დასვას შეკითხვა ჩემს დისკრეციაზე
სალომე ზურაბიშვილის პასუხი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე - შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ რაიმე დანაშაული, არავის აქვს უფლება, დასვას შეკითხვა ჩემს დისკრეციაზე

რა მნიშვნელობა აქვს, იყვნენ ჩემი აქტიური მხარდამჭერები. ისინი თუ იცვლებიან იმიტომ, რომ მითითებებს იღებენ პარტიისგან, რომელიც გახდა ქვეყნის ერთპარტიული მმართველი, რომელმაც დაამონა მისი ნახევარი მხარდამჭერები და ამიტომ ისინი მე მაკრიტიკებენ, რა შუაში ვარ? მე პოზიცია არ შემიცვლია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში, რომლითაც უპასუხა კითხვას: „ხშირად ახსენებენ და ამ დღეებშიც ბევრჯერ გაიხსენეს ლაზარე გრიგორიადისიც, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სამართალდამცველის მიმართულებით სროლისთვის იყო დაკავებული და თქვენ შემდგომ შეიწყალეთ. ეს ფაქტიც სწორედ დაძაბულობის ესკალაციის კონტექსტში არაერთხელ გაიხსენეს. ვგულისხმობ არა მხოლოდ ხელისუფლებას, ხელისუფლების მხარდამჭერებსაც, რომლებიც თავის დროზე იყვნენ თქვენი აქტიური და გულმხურვალე მხარდამჭერები“.

„18 წლის ბავშვი არ უნდა დალპეს ციხეში და შეიძლება მოინანიოს, შეიძლება, შეცდომა დაუშვა. შეწყალება არის შეწყალება დამნაშავე ადამიანების, არა უდანაშაულოების და ეს არის ჩემი დისკრეცია. არავის აქვს უფლება, დასვას კითხვა ამ დისკრეციაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„თქვენი აზრით, გრიგორიადისი უდანაშაულო იყო?“ – აღნიშნულ კითხვაზე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პირიქით ვამბობ, შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც  ჩადენილი აქვთ რამე დანაშაული. პრეზიდენტის შეფასება, ვინმე უნდა შეიწყალოს თუ არა, არის დისკრეცია და ეს ეხება სინდისს, ეს არის ის, რითაც შემდეგ მე ვრჩები მარტო ჩემს თავთან“.