სალომე ზურაბიშვილის ფონდი ოფიციალურად დაფუძნდა
სალომე ზურაბიშვილის ფონდი ოფიციალურად დაფუძნდა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფონდის დაფუძნების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას, რომელშიც პრეზიდენტობის დღიდან სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ხელფასს რიცხავს, სპეციალური საბჭო განსაზღვრავს. საბჭოს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის თქმით, ფონდის საბჭოს შემადგენლობა წევრების პროფესიონალიზმისა და საზოგადოებაში მათი სანდოობის მიხედვით შეარჩია.

„მიხარია, რომ ფონდი, რომელიც უკვე შექმნილი იყო, რეალურად იწყებს მუშაობას. მგონი, მნიშვნელოვანია რომ სხვა ტიპის ფონდია. ასეთ ფონდებს პრეზიდენტები ქმნიან, როცა უკვე აღარ არიან პრეზიდენტები, ცოტა წინმსწრებად დავიწყე. არ ვიქნები ჩართული ამ ფონდის მართვაში, ვიქნები ინიციატორი. პროექტებს და პირველ პროექტს მივცემ ჩემს პატრონაჟს, რომ უფრო ადვილად მოვახდინოთ სახსრების მობილიზაცია. ვიქნები მხოლოდ საპატიო დამფუძნებლის სტატუსით და ფონდის საბჭოს წევრები იქნებიან ამ ფონდის სახეები.

მნიშვნელოვანია, ფონდი ისეთი ადამიანებისგან იყოს დაკომპლექტებული, რომ მოქალაქეებისთვის იყვნენ პატივსაცემი, სანდო და პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეულები, რადგან ამგვარი ფონდების მიმართ სანდოობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს ფონდი მისაღები იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის, რომელიც ასევე მისაღები არის ჩემი მანდატიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრეზიდენტმა პრეზენტაციაზე.

სალომე ზურაბიშვილის ფონდის გამაკონტროლებელ საბჭოში იქნებიან: ექიმი ნევროპათოლოგი ნანა ტატიშვილი, ფსიქიატრი ლალი ბანძელაძე, გიორგი კოპალეიშვილი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია, წინანდლის ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე და პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც ფონდში დიასპორის წარმომადგენელი იქნება.

ფონდის ფინანსური, იურიდიული და საოპერაციო მართვა ორგანიზაცია „პეკაეფკაეზენის“ მიერ განხორციელდება.

პრეზიდენტის ფონდი სამი ძირითადი პრიორიტეტის გარშემო იმუშავებს –  ბავშვთა ონკოლოგია, ჯანდაცვა, ქალთა და ბავშვთა ჯანდაცვა, კულტურა და რეგიონული განვითარება.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა.

მისი თქმით, ფონდის მიზნები სრულად შეესაბამება იმ მნიშვნელოვან ფუნქციებს, რომელიც პრეზიდენტს აქვს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწვია პრეზიდენტის ფონდის დაფუძნების პრეზენტაციაზე. დღეს გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი, რომელშიც მივიღებთ მონაწილეობას. ამ ფონდის მიზნები სრულად შეესაბამება იმ მნიშვნელოვან ფუნქციებს, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია: საქველმოქმედო საქმიანობა,ონკოლოგიის სფეროში ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება, სხვა სოციალური მიმართულებები. მინდა, წარმატებები ვუსურვო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ბევრმა მოქალაქემ შეიტანოს კონტრიბუცია ამ ფონდში და ჩვენც აუცილებლად გავაკეთებთ კონტრიბუციას. ეს არის დასავლური კულტურა. საქართველოს აქვს სოლიდარობის დიდი ტრადიციები. ჩვენ წლების წინ შევქმენით სოლიდარობის ფონდი, რომელიც დღეს წარმატებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ ტრადიციას და ამ კულტურას აგრძელებს და დღეს ქმნის ფონდს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.