სალომე ზურაბიშვილი - ყველას შევახსენებ, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკების საგანი, შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, თუ მოთხოვნებს
სალომე ზურაბიშვილი - ყველას შევახსენებ, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკების საგანი, შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, თუ მოთხოვნებს

გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს, აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას იღებს მოსალოდნელი კრიტიკისა, თუ შექების მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ მიაჩნია.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკების საგანი.

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, არაერთხელ, ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას. ის ვერ გაიგო მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა, თუ შექების მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ.

მგონი, ეს საქმით დავამტკიცე. მინდა, ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკების საგანი. ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა, თუ მოთხოვნებს, იქნება ეს ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივიაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, როცა პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოაწერს რურუას შეწყალების აქტს.

„მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება, დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, რომ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი