სალომე ზურაბიშვილი - თავად მივცემ მაგალითს თანამოქალაქეებს, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის მნიშვნელოვანი
სალომე ზურაბიშვილი - თავად მივცემ მაგალითს თანამოქალაქეებს, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის მნიშვნელოვანი

ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა.

მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში. მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პატივს სცემს მათ, ვინც ხმა არ მისცა.

„ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც, ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დაიცავს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იქნება კანონის უზენაესობის გარანტი.

„ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა. საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს.

დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.