სალომე ზურაბიშვილი - ვფიქრობ, საქართველოში ყველა და პირადად მე, მუდმივად ვართ ყალბი ახალი ამბების ზეწოლის ქვეშ
სალომე ზურაბიშვილი - ვფიქრობ, საქართველოში ყველა და პირადად მე, მუდმივად ვართ ყალბი ახალი ამბების ზეწოლის ქვეშ

ვფიქრობ, საქართველოში ყველა და პირადად მე, მუდმივად ვართ ყალბი ახალი ამბების ზეწოლის ქვეშ, ვრცელდება დამახინჯებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვთქვი და რა არ ვთქვი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სლოვაკეთის წარმომადგენლის, მარტინ პოლიაჩიკის კითხვას.

დეპუტატის შეკითხვა ეხებოდა ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან მარტივი კითხვა მაქვს. რას ფიქრობთ ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე? დეკემბერში ფეისბუქმა წაშალა საქართველოში ასობით გვერდი და ანგარიში შეურაცხმყოფელი და კოორდინირებული ქმედებებისთვის. ფეისბუქის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ამ გვერდების სამიზნეს წარმოადგენდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ატლანტიკური საბჭოს ციფრული საგამოძიებო კვლევის თანახმად, ამ გვერდების სამიზნეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წარმოადგენდნენ, ისინი ანტიევროპულ პროპაგანდასა და გზავნილებს ავრცელებდნენ და შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ მთავრობასთან. რა გაკეთდა ამ პრობლემაზე რეაგირების მხრივ?“ – ასეთი კითხვით მიმართა სლოვაკმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს.

პასუხად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ბოტების მხრიდან თავდასხმების ობიექტები მისი ანგარიშებიც არის.

„ვფიქრობ, საქართველოში ყველა და პირადად მე, მუდმივად ვართ ყალბი ახალი ამბების ზეწოლის ქვეშ, ვრცელდება დამახინჯებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვთქვი და რა არ ვთქვი. დიახ, სოციალური მედია სავსეა სხვადასხვა ანგარიშით და ჩემი პირადი გვერდები სოციალურ ქსელებში განიცდის თავდასხმებს ბოტების მხრიდან და ისეთ თავდასხმებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანაშიც ხდება. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს არჩევანი – პატივი ვცეთ სოციალური მედიის თავისუფლებას თუ დავიწყოთ მისი შეზღუდვა. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც შეზღუდვებს მიმართავს. თუმცა, მე ვარ ყალბი ახალი ამბების, დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობის პლატფორმის ერთ-ერთი ინიციატორი. ჩვენ შევდივართ საპარლამენტო არჩევნების ფაზაში, რომლებიც გაიმართება ოქტომბერში. გვყავს ძალიან ძლიერი მეზობელი, რომელსაც შეუძლია, გამოიყენოს და გამოუყენებია კიდევაც სხვა ქვეყნებში დეზინფორმაცია და ყალბი ამბები. ასე რომ, გვჭირდება რეგულაციის გარკვეული ფორმა, რომელიც ამავე დროს პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის რთული ამოცანა. ამისთვის მე პრეზიდენტობის პლატფორმას ვთავაზობ, რომელიც ღიაა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ასევე, მზად ვარ, მხარი დავუჭირო ნებისმიერ სხვა მცდელობას ამ საკითხის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.