სალომე ზურაბიშვილი - ვფიქრობ, მოსახლეობის რეაქცია ძალიან ბუნებრივია, თუმცა, არ მგონია, რომ ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ
სალომე ზურაბიშვილი - ვფიქრობ, მოსახლეობის რეაქცია ძალიან ბუნებრივია, თუმცა, არ მგონია, რომ ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს „ევრონიუსი”.

ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვაზე, ესმის თუ არა პრეზიდენტს, რამ გამოიწვია საპროტესტო აქციები, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მოსახლეობის რეაქცია ძალიან ბუნებრივია.

„ვფიქრობ, მოსახლეობის რეაქცია ძალიან ბუნებრივია, თუმცა, არ მგონია, რომ ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ. ის, რაც ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე და შიდა სტაბილურობაა, რადგან ეს ჩვენი რეალური ძალაა. რუსეთთან პოლიტიკური პრობლემა არსებობს და ყველა იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ეს მოგვარდება, თუმცა, ამასობაში საქართველო ვითარდება, ადგას გზას ევროკავშირისკენ და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება მის მიერ არეულობის გამოწვევაში რუსეთის დადანაშაულებას, საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებშიც არის დესტაბილიზაციის მცდელობები.

„ვფიქრობ, ამ ქვეყანაში და სხვა ქვეყნებშიც არის დესტაბილიზაციის მცდელობები. ეს არის ის, რის მიმართაც ძალიან წინდახედულად და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან მარტივია ასეთ ქვეყანაში ითამაშო მოსახლეობის გრძნობებზე და გააღვივო ეს გრძნობები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.