სალომე ზურაბიშვილი - ვამაყობ, რომ 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრობისას მე დავაარსე დიპლომატიის დღე საქართველოში
სალომე ზურაბიშვილი - ვამაყობ, რომ 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრობისას მე დავაარსე დიპლომატიის დღე საქართველოში

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამაყობს ქართული დიპლომატიის დღის დაარსებით. მან ყველა დიპლომატს მიულოცა პროფესიული დღე.

„ვამაყობ, რომ 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრობისას მე დავაარსე დიპლომატიის დღე საქართველოში. ეს იყო პირველი ნიშანი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმის აღიარებისა.

დიპლომატიის დღე არის უფრო დიპლომატების დღე, მათი ღვაწლისა ამ ქვეყნის სამსახურში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ აღიაროს, თუ რამდენად საჭიროა ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა იქ, სადაც იმყოფებიან. ვულოცავ ყველა დიპლომატს, რომლებიც დღეს არიან მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებში. ჩემთვის, როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის, მათთან თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა, ისიც გავიხსენო, რომ ამ წელს ვზეიმობთ დამოუკიდებლობის ას წელს, რაც ნიშნავს ამავდროულად დიპლომატიის ას წელს. ჩვენი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი იყო – დღეს უნდა გავიხსენოთ ეს დიდი დიპლომატები, ძალიან დიდი სამსახურში გაწიეს და შეძლეს ის ყველაფერი, რაც დიპლომატიას შეეძლო. დიპლომატიას ამაზე მეტი არ შეეძლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.