სალომე ზურაბიშვილი - უნდა გავაღრმაოთ პარტნიორობა, ეს კი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს მონაწილეობას ​ევროპოლიტიკაში, მეტ ჩართულობას ​ევროეკონომიკაში
სალომე ზურაბიშვილი - უნდა გავაღრმაოთ პარტნიორობა, ეს კი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს მონაწილეობას ​ევროპოლიტიკაში, მეტ ჩართულობას ​ევროეკონომიკაში

ჩვენ უნდა გავაღრმაოთ მიმდინარე პარტნიორობა და რაც შეიძლება ახლო ურთიერთობებზე უნდა გადავიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ლატვიის პრეზიდენტი დაბრუნდა თავის ქვეყანაში, რათა გაეკაფა გზა თავისი ქვეყნისათვის ევროატლანტიკურ სივრცესა და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის.

„მე სწორედ იგივე მინდა, ჩემი ქვეყნისთვის და ნაკლებზე თანახმა არ ვართ. რა თქმა უნდა, ევროპასაც გააჩნია თავისი წინააღმდეგობები, იგივე ბრექსიტი, მიგრაციის პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ევროკავშირი, ფაქტობრივად ევროპასაც სჭირდება საკუთარი თავის რეფორმირება. სრულიად ნათელია, რომ ევროპის საზოგადოებრივი აზრი მიმართულია ძირითადად შიდა მოწყობის გაუმჯობესებაზე და ევროკავშირი დღეისათვის არ ფიქრობს ახალი წევრების მიღებაზე. მაგრამ ჩვენ კოლექტიურად მაინც ​​მამაცები და ამბიციურები უნდა დავრჩეთ და ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ, როცა ვსაუბრობთ პარტნიორობის ახალი კურსის გაგრძელებასა და გაძლიერებაზე. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ შევდივართ პარტნიორობის ახალ ფაზაში, ვერ გავჩერდებით, ვერც ტემპს შევანელებთ. ჩვენ უნდა გავაღრმაოთ მიმდინარე პარტნიორობა და რაც შეიძლება ახლო ურთიერთობებზე უნდა გადავიდეთ. ეს ყველაფერი კი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს სრულ მონაწილეობას ​ევროპოლიტიკაში, უფრო მეტ ჩართულობას ევროეკონომიკაში. უფრო მეტი ევროპული დემოკრატია უნდა დავამყაროთ საქართველოში და უნდა გამოვიყენოთ ყველა ეს ახალი შესაძლებლობა. უნდა დავუკანუნოთ ყველა კარს და ყველა კარი უნდა გაიხსნას ჩვენს წინაშე. ამის შედეგად, ჩვენ უცბად აღმოვაჩენთ, რომ საქართველო მზად არის წევრობისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.