სალომე ზურაბიშვილი - უნდა გააქტიურდეს მუშაობა საქართველოსა და კავკასიის მეცნიერული შესწავლისათვის და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია
სალომე ზურაბიშვილი - უნდა გააქტიურდეს მუშაობა საქართველოსა და კავკასიის მეცნიერული შესწავლისათვის და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციტივით, საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრება გაიმართა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეცნიერებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართა. საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საჭიროებაზე, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის მეცნიერებების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ხარისხიანი ინტერდისციპლინური კვლევების წარმოების მიზნით, კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუციათა შორის კოორდინაციის საჭიროებაზე.

„უნდა გააქტიურდეს მუშაობა საქართველოსა და კავკასიის მეცნიერული შესწავლისათვის და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართეს, რათა დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინაციას საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ.

„ვაცხადებთ რა, რომ საქართველო, წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურის ქვეყანას, რომელსაც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა ცივილიზაციების უმთავრეს კერებთან, იმპერიებთან, უცხო რელიგიებთან და კულტურებთან; გაიარა კაცობრიობის ისტორიაში კულტურის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი;

ქართული ენა არის კავკასიურ ენათა ოჯახში უძველესი დოკუმენტირებული სალიტერატურო ენა, რომელიც წარმოდგენილია ანბანის სამი სახეობით და ათას ხუთასწლოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის მატარებელია;

აფხაზური ენა და კულტურა არის ქართული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული შესწავლა და ზრუნვა სჭირდება;

კავკასია წარმოადგენს ცივილიზაციათა გზაჯვარედინს, ცნობილს ენობრივი, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით, რომლის შესწავლა და კულტურული იდენტობის შენარჩუნება ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა;

საქართველო არის ერების, კულტურებისა და რელიგიების მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყანა, ამ გამოცდილებას კი, როგორც ქართული ცივილიზაციის საფუძველს, ქართული საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, ქართული სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, გლობალიზაციის ხანაში კავკასიური ენებისა და კულტურების გადასარჩენად;

კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად; საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“.

ცენტრი უზრუნველყოფს კოორდინაციას საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ“, – აღნიშნულია მეცნიერების მიერ ხელმოწერილ მიმართვაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.