სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის მმართველობაში, წამყვან ელიტაში რამდენიმე ქართველი გვყავს, რომლებიც ცოტა ქართულ პოლიტიკას უფრო თამაშობენ, ვიდრე უკრაინულს
სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის მმართველობაში, წამყვან ელიტაში რამდენიმე ქართველი გვყავს, რომლებიც ცოტა ქართულ პოლიტიკას უფრო თამაშობენ, ვიდრე უკრაინულს

არასდროს ვიტყოდი, რომ ჩვენ სანქციების ნაწილი არ ვართ. ჩვენ ეროვნული სანქციები არ გვაქვს, მაგრამ, ფინანსური სანქციების თვალსაზრისით, ნამდვილად საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე, სანქციების დაწესების საკითხზე.

„თქვენ უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერა გინდოდათ და საქართველო ევროპულ, ამერიკულ სანქციებს არ შეერთებია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ამ წლის დასაწყისში სანქციები არაპროდუქტიულად მიიჩნია. მისი თქმით, ჩვენ ყველას თანაგრძნობას ვუცხადებთ, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ“, – მიმართა „ბიბისის“ ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფინანსური სანქციების თვალსაზრისით, საქართველო ნამდვილად საერთაშორისო საზოგადოების ნაწილია.

„რიტორიკაში განვსხვავდები, რადგან ფაქტები ძალიან განსხვავებულია. საქართველო საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს შეუერთდა. ჩვენ გვაქვს ბანკები, რომლებიც ზედმიწევნით ემორჩილებიან სანქციებს, რადგან იციან, რომ მათ საკუთარი რეპუტაციის შენარჩუნება სჭირდებათ და ქვეყანამ ყველა ეს სანქცია შემოიღო ისევე, როგორც ჩვენ ყველა საერთაშორისო რეზოლუციის ნაწილი ვართ, რომელიც გაერო-სა და ყველა სხვა ფორმატში უკრაინასა და რუსეთის დადანაშაულებას შეეხება. ეს რიტორიკის საკითხია. არასდროს ვიტყოდი, რომ ჩვენ სანქციების ნაწილი არ ვართ. ჩვენ ეროვნული სანქციები არ გვაქვს და არ ვიცი, რა შეიძლება, იყოს ის, მაგრამ, ფინანსური სანქციების თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ვართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, „ბიბისის“ ჟურნალისტმა აღნიშნა: „უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ შეწუხებული იყო და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას საკმარისი მხარდაჭერა ნამდვილად არ გამოუჩენია. მან უკმაყოფილების ნიშნად ელჩი გაიწვია და ასე შემდეგ. თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ხართ, მაგრამ, როგორც ჩანს, ზელენსკის მიმართ მეტი თანაგრძნობა გაქვთ, ვიდრე თქვენს მთავრობას“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს. მისივე თქმით, უკრაინის მმართველობაში, წამყვან ელიტაში რამდენიმე ქართველია, რომლებიც ქართულ პოლიტიკას უფრო თამაშობენ, ვიდრე უკრაინულს.

„მე პრეზიდენტ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, ის საერთაშორისო დიპლომატიურ [ურთიერთობებში] ზოგჯერ სხვადასხვა ქვეყანაზე, და არა მარტო საქართველოზე, ნაწყენი ყოფილა. ჩვენ უკრაინასთან ცალკე საკითხი გვაქვს, რომ უკრაინის მმართველობაში, წამყვან ელიტაში რამდენიმე ქართველი გვყავს, რომლებიც ცოტა ქართულ პოლიტიკას უფრო თამაშობენ, ვიდრე უკრაინულს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.