სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს ესწრება [ფოტო]
სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს ესწრება [ფოტო]

ქვემო ქართლის რეგიონი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს მასპინძლობს. თეთრიწყაროში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი  ქალაქის ცენტრში წარმოგენილ პავილიონებს ათვალიერებს. პავილიონებში ქვემო ქართლში არსებული ყველა რაიონი და ამ რაიონებში არსებული სიძველეებია გამოფენილი.

ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის პროცესში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნესსექტორის დაინტერესებას და გააქტიურებას ისახავს მიზნად.

ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, რეგიონის მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ და კომპანია „არ-ემ-ჯის“ მიერ არის ორგანიზებული.

ფორუმის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მოეწყობა სანახაობრივი და გასართობი შოუპროგრამები, სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენები, სპორტული და ინტელექტუალური ასპარეზობები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიძე, ასევე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილის პრეზენტაციებს გამართავენ.

ღონისძიების ფარგლებში თეთრიწყაროში ბარათაშვილების სასახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონიაც გაიმართება.

ამასთან, დაგეგმილია ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების საკონცერტო ღონისძიებები და მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის კონცერტი.