სალომე ზურაბიშვილი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან
სალომე ზურაბიშვილი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან

საქართველოს პრეზიდენტმა ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო მე-13 ფესტივალ „ფესტინოვა 2021“-ის ფრანგული პავილიონი გახსნა და მიწვეულ სტუმრებსა და გამოფენის ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს თანამედროვე ხელოვნების გამოფენის მოწყობისთვის და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში დღეს თანამედროვე ხელოვნება საკმარისად არ არის დაფასებული, რაც ძალიან უცნაურია ზდანევიჩების ქვეყანაში.

„მათი როლი და ის წლები, როცა თბილისი თანამედროვე ხელოვნების ავანგარდში იდგა, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი ევროპულობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წლებია. ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიყავით ევროპელები ვიდრე მოგვივიდოდა ის, რაც მოგვივიდა. და მომდევნო 70 წელი ხელოვნების კუთხით სხვა მიმართულებაზე ვიყავით გადაყვანილი. ქვეყანაში ახალგაზრდობა ქართულ ავანგარდიზმს კარგად არ იცნობს და არც საზღვარგარეთ არაა გატანილი ისე, როგორც საჭიროა, როგორც ჩვენი ევროპულობის დიდი სიმბოლო და ნიშანი.

თანამედროვე ხელოვნებას მეტი ყურადღება სჭირდება, რადგან ეს ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რასაკვირველია, ხელოვნებაში მემკვიდრეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობის მატარებელია თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსთვის და მომავალი თაობებისთვის, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან და რეგიონის ქვეყნებთან. ეს არის თბილისის დანიშნულება და ეს ფუნქცია თბილისმა უნდა დაიბრუნოს.

ქალაქში ბევრი თანამედროვე გალერეაა და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. მე მზად ვარ, პრეზიდენტის ფუნქციიდან გამომდინარე, მხარდაჭერა გავუწიო მათ, დავუთმოთ სასახლე და ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი დასწრება საჭირო იქნება. მგონია, რომ უნდა აღდგეს თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა „თბილისი არც ფეარი“, რომელიც ძალიან საინტერესო წამოწყება იყო და რომელმაც საქართველო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე მონიშნა. ეს საკმაოდ წარმატებული საწყისი პროცესი იყო და უფრო მასშტაბური ხასიათით უნდა აღდგეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოფენის გახსნას ორბელიანების სასახლეში ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახლგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, „არტ-ვილა გარიყულას“ წარმომადგენლები: ყარამან ქუთათელაძე და დავით კოროშინაძე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის  წარმომადგენლები.

როგორც მინისტრმა გამოფენის გახსნისას აღნიშნა, „ფესტინოვა“ სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას.

„არტ ვილა გარიყულა“ უკვე 20 წელიწადია, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე 20 ქვეყანაზე მეტს მასპინძლობს. ფესტივალს წინ უძღვის 100-წლიანი ავანგარდული ტრადიცია, რომელიც თბილისში ძმები ზდანევიჩების მოღვაწეობას უკავშირდება.