საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დახვედრის ცერემონიით დაიწყო, რომელიც ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და არმენ სარქსიანმა პატივი მიაგეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარადგინეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის ბევრი საკითხია განსახილველი, წინ წამოსაწევი, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქთან ისაუბრებს.
სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის განცხადებით, სომხეთი საქართველოს ტრადიციული პარტნიორი ქვეყანაა და ყოველთვის უმნიშვნელოვანესია მეზობლებს შორის ინტენსიური ურთიერთობა.
„პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგი შეიცავს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის ინტენსივობას.
ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების ძალიან მაღალი დონეა, რაც უმნიშვნელოვანესი საფუძველია ჩვენი თანამშრომლობის სხვადსხვა მიმართულებით განვითარებისათვის და საჭიროა, ჩვენი საზოგადოებებისთვის“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.