სალომე ზურაბიშვილი - სჯობს, თვითონ გადავწყვიტოთ საკითხები, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართულობა, მაგრამ თუ ისინი ამას მიაღწევენ, მივესალმები
სჯობს, თვითონ გადავწყვიტოთ საკითხები, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართულობა, მაგრამ თუ ისინი ამას მიაღწევენ, მივესალმები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა გადაცემის წამყვანს, გიორგი გვიმრაძეს საკითხზე, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას ჩვენი დასავლელი პარტნიორები სვამენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, არსებული კონსტიტუციით, ამას პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს, განუცხადა: „გეთანხმებით, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო“.
„რას აკეთებს პრეზიდენტი – აქედან დავიწყოთ. პოლარიზაცია დღევანდელი მსოფლიოს ძალიან დიდი სენია, არა მხოლოდ საქართველოსი. ამაზე მუდმივად ვსაუბრობ, მაგრამ ისიც ვიცი, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ეს დიდწილად დაკავშირებული არის სოციალურ ქსელებთან, იმასთან, რომ ადამიანები ძალიან ხშირად გამოთქვამენ თავიანთ უკიდურეს გრძნობებს და ეს პოლიტიკასაც როცა ეხება, ძალიან ამძაფრებს სიტუაციას.
ამიტომ, ჩემი პირველი დანიშნულება ალბათ არის მაგალითი. თუ შეამჩნევდით, არ ვპასუხობ არც ერთ პირდაპირ შეურაცხყოფას, დარტყმას, რადგან მიმაჩნია, არ შეიძლება, გადავიდეთ ამ რეჟიმში და ვიღაც მაინც უნდა აჩვენებდეს ამის მაგალითს.
მეორე, მე არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ჩემი პლატფორმა, ეს ადგილი არის ღია ყველასთვის, მე ყველას ვპატიჟებ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც არის სახელმწიფო დონის – ოპოზიციას და ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ოპოზიცია დღემდე თავს იკავებს აქ მოსვლისგან, ამიტომ გახდა ძნელი, რომ მე ვყოფილიყავი ინიციატორი იმ პროცესის, რომელიც დაწყებულია ჩვენი უცხო პარტნიორების მიერ.
ვწუხვარ ამის გამო, რადგან მე მგონი, ეს არის გაგრძელება იმ ძველი ნეოკოლონიალური მიდგომების. სჯობს, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართვა და ჩართულობა. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ, ამასაც მივესალმები. რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შედეგს მივაღწიოთ და არა, ვინ მიაღწევს შედეგს. აქ პირადი რაღაც ამპარტავნების საკითხი არ უნდა არსებობდეს და სადაც შედეგი იქნება, იქ იყოს შედეგი. მაგრამ ეს პლატფორმა არსებობს, იარსებებს და შეიძლება, კიდევ დაგვჭირდეს სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, საკითხზე, რომ 2020 წლის არჩევნები საკმაოდ მძიმე იქნება, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ძალიან ჩვენც ნუ დავამძიმებთ იმის გამეორებით, რომ იქნება მძიმე. შეიძლება გავიარეთ ყველაზე მძიმე პერიოდი და ნაკლებად მძიმე იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ წლის დასასრულს ვიყოთ ცოტა უფრო ოპტიმისტები“.
გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, პრეზიდენტი მართლაც გახდეს მხარეებს შორის არბიტრი ან მედიატორი მისი ვადის ამოწურვამდე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ასეთ გრძელ ვადაზე ძალიან ძნელია, დაინახო, რა საჭიროებები იქნება.
„არის ამ ქვეყანაში და იქნება საჭიროება, იყოს სტაბილიზაციის ადგილი და მე მგონი, საზოგადოება ამას შეიძლება უფრო კარგად ხედავს, ვიდრე პოლიტიკური ძალები, რომ არის მოთხოვნა, იყოს ერთი ადგილი, რომელიც არ არის მიკერძოებული, რომლიც არ არის ჩართული ამ ციებ-ცხელებაში და შფოთვაში. ეს საჭირო არის ქვეყნის სტაბილურობისთვის. მე ამ როლისთვის მზად ვარ, ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს როლი ვითამაშო და მე მგონი, ჩანს კიდევაც. ეს იქნება გარეთ თუ შიგნით და მე ამას გავაგრძელებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.