სალომე ზურაბიშვილი - შეთანხმება ბევრს ნიშნავს, უპირველესად საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოება იყო გადაღლილი პოლარიზაციით, დაპირისპირებით
სალომე ზურაბიშვილი - შეთანხმება ბევრს ნიშნავს, უპირველესად საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოება იყო გადაღლილი პოლარიზაციით, დაპირისპირებით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე დღეს ახალი ხელმოწერები დაემატა და იმედი აქვს, ამ პროცესის გაგრძელებით მომავალში სრულყოფილ შედეგს მიიღებენ.

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ იმ ძალისხმევისთვის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დღეს დილიდან კიდევ ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ დინამიკა, რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ დღეებში, მომავალში კიდევ გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს იქნება და არის უკვე ნამდვილად ყველას გამარჯვება, უპირველესად, ამ ქვეყნისთვის.

შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, რომელიც არის თქვენი და თქვენი წარმომადგენლის, ასევე აშშ-ის დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. უპირველეს ყოვლისა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, ვიტყოდი კიდევაც, გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით. თუნდაც შეურაცხყოფილი, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ, დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.