სალომე ზურაბიშვილი - შერიგების პროცესი მოითხოვს, რომ ექსპერტთა ჯგუფებმა ჩამოაყალიბონ რეკომენდაციები, იმედი მაქვს, შედეგი იქნება გასაგები და წარედგინება პარლამენტს შემოდგომაზე
სალომე ზურაბიშვილი - შერიგების პროცესი მოითხოვს, რომ ექსპერტთა ჯგუფებმა ჩამოაყალიბონ რეკომენდაციები, იმედი მაქვს, შედეგი იქნება გასაგები და წარედგინება პარლამენტს შემოდგომაზე

მგონია, რომ სხვა ქვეყნებში შერიგების პროცესი გაგრძელდა დაახლოებით ორიდან სამ წლამდე, ჩვენ არ გვაქვს მოთმინება ხასიათში, ომშიც გვიყვარს ჩქარა გამარჯვება და არა გრძელვადიანი ომები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ეროვნული თანხმობის პროცესზე საუბრისას, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობა, რომელსაც არც ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ გადაიტანს. მისივე თქმით, შერიგების ინიციატივა არის მცდელობა, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის.

პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი მოითხოვს, რომ ზაფხულის განმავლობაში კონკრეტული ექსპერტთა ჯგუფები შეიკრიბონ და ჩამოაყალიბონ რეკომენდაციები, რომელიც შემოდგომაზე წარედგინება პარლამენტს.

„პასუხისმგებლობა ნამდვილად ჩემია და არ დავიწყებ მერე იმის ლაპარაკს, რომ აი, იმის ბრალია, რადგან ეს გააკეთა. არც პოლიტიკურ პარტიებზე არ გადავიტან. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, რომელიც საჭიროა ამ ქვეყნისთვის. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე ამისთვის მეტი დრო მერე არ მექნება. ეს არის სწორი მომენტი, თუნდაც იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის 30 წელს ვზეიმობთ და ეს არის ის პერიოდი, როცა უნდა გადავხედოთ, გავიხედოთ უკან და რაღაცაზე შევთანხმდეთ, შევწყნარდეთ – შეიძლება ეს სიტყვაც სწორი იყოს. გარანტიები არ არსებობს არაფერზე. ყველაფერი რისკიანია, მით უმეტეს ამ მდგომარეობაში და ამ პოლიტიკურ პირობებში, მაგრამ ვადა არ უნდა იყოს უსასრულო. მე მგონია, სხვა ქვეყნებში ეს პროცესი გაგრძელდა ორიდან სამ წლამდე დაახლოებით და ზოგჯერ გაგრძელდა ამის იქით. ჩვენ არ გვაქვს ეს მოთმინება ხასიათში, ომშიც გვიყვარს ჩქარა გამარჯვება და არა გრძელვადიანი ომები. არ ჩათვალოთ, რომ რაღაც ბეტონში ჩასმული გეგმა არის. ვთვლი, რომ პირველი ოთხი-ხუთი თვე საზოგადოებრივი საუბრებისთვის გაიშალოს მაქსიმალურად, რათა მივიდეთ ამ დასკვნამდე. ფორმა, კიდევ ერთხელ, იქნება ქარტია, თუ იქნება სხვა ფორმა მოფიქრებული, ვნახოთ. ეს ალბათ მოითხოვს, რომ ზაფხულის განმავლობაში უფრო კონკრეტული ექსპერტთა ჯგუფები შეიკრიბონ და რაღაც მიმართულებებით ჩამოაყალიბონ რეკომენდაციები. იმედი მაქვს, ამისი შედეგი იქნება გასაგები და წარუდგება შემდეგ პარლამენტის სესიას ვთქვათ შემოდგომაზე. ეს იქნებოდა იდეალური გეგმა „ა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი