სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი და მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ, ველოდებით მას
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი და მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ, ველოდებით მას

საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი და მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ, ველოდებით მას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინისადმი სოლიდარობის საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 30 წელია, რაც აშშ ყველანაირად გვერდში უდგას საქართველოს. მისი თქმით, ამერიკის პოლიტიკა ჩვენ მიმართ ფასდაუდებელია და ჩვენი მხრიდან კი, ამერიკისთვის ვიყავით სანდო მეგობარი, პარტნიორი, რომელმაც თავი არ დაიშურა და იდგა იქ, სადაც საჭირო იყო, ეს იქნებოდა ავღანეთი, თუ ერაყი.

„მადლობას ვუცხადებთ ამერიკის სახელმწიფოს მისი მთელი ამ წლების პოლიტიკისთვის. ჩვენ მას ვთხოვთ, ხვალინდელი დღეც დადგება, ომის შემდეგი დღე, როდესაც დაიწყება აღმშენებლობა, იქაც საჭირო იქნება ძალიან დიდი ჩართულობა. ახალი მარშალის გეგმა უკრაინისთვის, ახალი მიდგომები ახალი მსოფლიოსთვის.

საქართველოს თხოვნა იქნება, რომ დაგვიანდა მაღალი დონის შეხვედრები, დრო არის, ქართველი ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი. მას ველოდებით. აქ იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ როგორც არც ერთი სხვა ქვეყნის და მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ. მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდეს მრავალი წელი და იყოს კიდევ უფრო მჭიდრო. მინდა, ვუსურვო უკრაინას, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რადგან მისი გამარჯვება, ყველას გამარჯვება იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.