სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ყველა მიღწევა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი თანამემამულეებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სწორედ ამიტომ გვჭირდება თანამშრომლობა მოკავშირეებთან
საქართველოს ყველა მიღწევა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი თანამემამულეებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სწორედ ამიტომ გვჭირდება თანამშრომლობა მოკავშირეებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში, მდგრადი განვითარების მიზნების 2019 წლის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
„როგორც გლობალური საზოგადოება, 2030 წლისთვის ამბიციური ამოცანების მიღწევას ვთანხმდებით – დაწყებული სიღარიბის აღმოფხვრით და კლიმატის ცვლილებებით დასრულებული.
მდგრადი განვითარების მიზნების მიღებიდან ოთხი წელი გავიდა და ჩვენ ვხედავთ პროგრესს, ასევე ვხედავთ გამოწვევებს. ახლა მოვიდა კორექტირებისა და დაჩქარების დრო. ჩვენ ამ სამიტზე შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ მიღწევები და არადამაკმაყოფილებელი შედეგები, ერთად გამოვავლინოთ და გავიზიაროთ გამოსავალი.
მდგრადი პარტნიორობის ფორმირება ნამდვილად იყო გამოწვევა. დიახ, მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა განავითარეს გრძელვადიანი თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ ვხედავთ მეტ ჩართულობას კერძო სექტორიდან და რიგითი ადამიანებისგან.
ამ სიტუაციიდან მრავალი გამოსავალი არსებობს. ჩვენ უნდა დავცილდეთ ტრადიციულ მიდგომებს და დავნერგოთ მუშაობის ახალი გზები, უნდა ვცადოთ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს ინოვაციისა და ინკლუზიური ბიზნეს მოდელებით ვუპასუხოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მდგრადი ზრდისთვის პარტნიორობამ უნდა გააერთიანოს არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ადამიანური რესურსებიც. პროექტებს და პროგრამებს უნდა ჰქონდეთ როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ფასეულობა.
„სწორედ ამიტომ, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღება უთმობს მდგრადი განვითარების მეოთხე და მერვე მიზანს. საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ განათლების სფეროს დაფინანსება გაორმაგდება და 2022 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მიაღწევს.
პროფესიული განათლება და ტრენინგები – ეს ის სფეროა, სადაც საქართველო კერძო და სახელმწიფო სექტორის პარტნიორობას აქტიურად ავითარებს. ახალისებს დაინტერესებულ დამსაქმებლებს და ზრდის მუშახელის პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
ინკლუზიურობის უზრუნვალსაყოფად, ყველა ეს მიღწევა და საქართველოს სახელმწიფოს სარგებელი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი თანამემამულეებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
სწორედ ამიტომ გვჭირდება აქტიური თანამშრომლობა მოკავშირეებთან, განსაკუთრებით გაერო-სთან და სხვა პარტნიორებთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, უფრო ფართოდ რომ შევხედოთ საკითხს, ინოვაციური დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია 2030 წლის დღის წესრიგის 37 ტრილიონ დოლარიანი უფსკრულის დასაძლევად და მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების მილიარდებიდან ტრილიონებამდე გასაზრდელად.
„საფრანგეთის წარმატებულ მაგალითზე, რაც გლობალური ჯანდაცვის ინიციატივის მოდელზე გამოჩნდა, ჩვენ ვხედავთ ინოვაციური დაფინანსების პლატფორმების გაფართოებას, რასაც მხარს ბევრი სახელმწიფო უჭერს. ასევე გაერო, მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ისლამური ბანკი და სხვა პარტნიორები.
ამ ინიციატივებს შორისაა, როგორც სოლიდარული გადასახადები და სოციალური ინვესტიციები, ასევე საპილოტე ინიციატივა – ბლოკჩეინის ტექნოლოგია და კრიპტოვალუტებიც კი.
საქართველო ამაყია, რომ ინოვაციური დაფინანსების ლიდერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. საფრანგეთთან და იაპონიასთან ერთად, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ გაერო-ში ინოვაციური დაფინანსების ინიციატივების წინ წაწევისა და ინსტიტუციონალური კოორდინაციის მიღწევისთვის.
დაბოლოს, მინდა გავიმეორო, რომ მიუხედავად თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური მცდელობისა, ძალისხმევის გაერთიანება მაინც რჩება მთავარ არხად 2030 წლის დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნების რეალიზაციის დაჩქარებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.