სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს უამრავი გამოწვევა აქვს, გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც იქნება ევროკავშირთან ურთიერთობის არსებითად მნიშვნელოვანი საფეხური
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს უამრავი გამოწვევა აქვს, გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც იქნება ევროკავშირთან ურთიერთობის არსებითად მნიშვნელოვანი საფეხური

საქართველოს რასაკვირველია უამრავი გამოწვევა აქვს, გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც იქნება ევროკავშირთან ურთიერთობის არსებითად მნიშვნელოვანი საფეხური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს გადაწყვეტილებები არის მხოლოდ მშვიდობიანი, ისეთი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას ევროპასთან და პარტნიორებთან.

„აქ ერთად ვართ და ეს სიმბოლურია, რადგან პოლონეთი შვედეთთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყანა იყო. პოლონეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელმაც წლების წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინიცირება მოახდინა. ამ პროგრამამ განიცადა წარმოუდგენლად დიდი პროგრესი და საქართველომ უზარმაზარი სარგებელი მიიღო ამ პარტნიორობისგან. ახლა გადავდივართ ახალ საფეხურზე, რომელიც აგრეთვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ევროკავშირიც იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები მის წინაშე. საქართველოსაც რასაკვირველია უამრავი გამოწვევა გააჩნია, გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც იქნება ძალიან პრაქტიკული, არსებითად მნიშვნელოვანი საფეხური ევროკავშირთან ურთიერთობისა. დონალდ ტუსკთან ვსაუბრობდით იმ ხედვასა და ამბიციებზე, რომელიც გაგვაჩნია შემდგომი ფაზისთვის. ბათუმში ვართ და გვინდა, ბათუმიდან გავუგზავნოთ შავი ზღვის ქვეყნებს ჩვენი ხედვების პაკეტი. ჩვენ უკვე გავკვალეთ გზა საქართველოს ინტეგრაციისთვის და ამას ისევ ვაგრძელებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ისაუბრეს იმ დაძაბულობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში იყო.

„ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ეს გახლავთ იმედგაცრუების საგანი და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ეს გახლავთ ის პრობლემა, რომელმაც შეიძლება, წარმოქმნას დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს ეს როგორც ნიშანი, რათა დიდი ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტორს. ჩვენ ვიმუშავებთ ევროკავშირთან ერთად ისე, როგორც ვმუშაობდით ადრე. ჩვენი გადაწყვეტილებები არის მხოლოდ მშვიდობიანი, ისეთი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას ევროპასთან, ჩვენს პარტნიორებთან, რათა საქართველომ მათთან ერთად მონახოს გადაწყვეტილების გზები.

როგორც უკვე არაერთგზის აღინიშნა, 2005 წელს ჩვენ მივაღწიეთ გადაწყვეტილებას, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. ეს იყო მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი. მიუხედავად ისტორიული არგუმენტებისა, საქართველოს არაფერი აქვს სამტკიცებელი, ყოველგვარი დაძაბულობის და მიუხედავად, შევძლებთ, რომ ყველამ ერთად, ევროპულ პარტნიორებთან ერთად მოვნახოთ გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და საერთოდ არ გვინდა, სამხედრო ძალა არსებობდეს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.