სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს შესაძლებლობა, დაამატოს რაიმე იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა იღებს სამხედრო ან ეკონომიკური კუთხით, უკიდურესად შეზღუდულია
საქართველოს შესაძლებლობა, დაამატოს რაიმე იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა იღებს სამხედრო ან ეკონომიკური კუთხით, უკიდურესად შეზღუდულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შესაძლებლობა შეზღუდულია, რადგან ქვეყნის ორი რეგიონი არის ოკუპირებული.
„ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%, სადაც მდებარეობს ორი დიდი რუსული ბაზა, რომლებიც ოდნავ შემცირდა უკრაინაში ომის გამო, რადგან გარკვეული აღჭურვილობისა და პერსონალის გადაყვანა მოხდა უკრაინაში, თუმცა რუსული ძალები იქ მაინც რჩებიან, ზოგიერთი მათგანი თბილისიდან 40 კილომეტრშია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთის ძალები იმყოფებიან ძალიან ახლოს სტრატეგიულ ავტომაგისტრალთან და გაზსადენებთან, რაც საფრთხეს ქმნის, ხოლო რუსეთის ოკუპაცია საქართველოს მოსახლეობისთვის ყოველდღიური პრობლემაა, რადგან რუსული ძალები მუდმივად ახდენენ საოკუპაციო ხაზის გადაწევას საქართველოს ტერიტორიის შიგნით და ასევე ხდება ადამიანების გატაცება.
ეს კი, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დაძაბულობას ქმნის, თუმცა ვერ აიძულებს საქართველოს, შეცვალოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გეზი.