სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტად ჩემი არჩევა ევროპული მომავლის მხარდაჭერა იყო
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტად ჩემი არჩევა ევროპული მომავლის მხარდაჭერა იყო

ვიცით, რომ ევროკავშირს სერიოზული კითხვები აქვს. პასუხები, რომელსაც მოველით, შესაძლოა, დღეს ვერ მივიღოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შევანელებთ თანამშრომლობასა და მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის. ასევე მადლობა გადავუხადო ზოგადად ევროპულ ინსტიტუციას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი საქართველოს ყველაზე პრიორიტეტული საკითხები, რომელიც ძალაში ჩემი არჩევის შემდეგ შევიდა.

ასევე მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ჩემი არჩევა ევროპული მომავლის მხარდაჭერა იყო. ჩემმა ევროპულმა წარსულმა არცთუ ისე მცირე როლი შეასრულა წარმატებულ არჩევნებში. საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაცია განვითარების მთავარ პერსპექტივად განსაზღვრა.

წელს ჩვენ მრავალ თარიღს აღვნიშნავთ. 15 წელია, რაც შევუერთდი სამეზობლო პოლიტიკას. 10 წელი გავიდა პარტნიორობაში გაერთიანებიდან. 5 წელია რაც მივიღეთ ასოცირების შეთანხმება და როგორც ვიხუმრე, ყოველ 5 წელიწადში ჩვენ რაღაც ახალს ვიღებთ. ასე რომ მზად ვართ. ვიცით, რომ ევროკავშირს სერიოზული კითხვები აქვს. პასუხები, რომელსაც მოველით, შესაძლოა, დღეს ვერ მივიღოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შევანელებთ თანამშრომლობასა და მუშაობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.