სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ისტორია საფრანგეთში საერთო ფრანგული ღირებულებების ისტორიაა, რომელთა შორის პირველი არის თავისუფლება
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ისტორია საფრანგეთში საერთო ფრანგული ღირებულებების ისტორიაა, რომელთა შორის პირველი არის თავისუფლება

საქართველოს ისტორია საფრანგეთში საერთო ფრანგული ღირებულებების ისტორიაა, რომელთა შორის პირველი არის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელ ალამეინის ბრძოლაში დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსურს, ჩემი მიმართვა დავიწყო მალიში დაღუპული თქვენი მეგობრის გახსენებით. მალიში, სადაც საქართველო წარმოდგენილია საფრანგეთთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ჩემთვის ეს, ისევე როგორც ავღანეთში, საერთაშორისო სოლიდარობისა და ჩართულობის აქტია. ჩვენთვის ნებისმიერი დანაკარგი ამ ტერიტორიაზე საქართველოს დანაკარგიცაა.

საუკუნე გავიდა 1921 წლიდან, წლიდან რომელიც თავის თავში ქართველი ხალხის იმედსა და ტრაგედიას აერთიანებს. საუკუნე გავიდა, რაც საბჭოს პრეზიდენტმა არისტიდ ბრიანდმა, 1921 წლის 27 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა სცნო.

საუკუნე იწურება, რაც 1921 წლის მარტში წითელმა არმიამ, იარაღის ძალით საქართველოს საბჭოთა მმართველობაში მოქცევით, დაამსხვრია დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ეს ოცნება.

1921 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველო კარგავდა ერთდროულად დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რომლებიც დაიბრუნა რუსეთის, სპარსეთის, ოსმალეთის იმპერიების საუკუნოვანი ოკუპაციის შემდეგ. ის კარგავდა იმ დროს ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციაზე დამყარებულ დემოკრატიულ რეჟიმს. ის კარგავდა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას.

დამოუკიდებლობა, დემოკრატია, ევროპა: ასეთი მისწრაფებები იყო საუკუნის წინათ. ისინი არ შეცვლილა და დღეს, როგორც არასდროს, ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ყველაზე მეტად ეს მისწრაფებები უკვლევს გზას.

ამ მისწრაფებაში, საფრანგეთი როგორც განსაკუთრებულ, ასევე, უნიკალურ ადგილს იკავებს. მართლაც, თანამედროვე პერიოდში, მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუტანია ასეთი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. და ერთ – ერთ ასეთ თვალის დახამხამებაში მომხდარი ამბავი საიდუმლოს შეიცავს – ეს არის 1921 წლის პოლიტიკური ემიგრაციის შვილი, რომელიც საქართველოში საფრანგეთის პირველ ელჩად დაინიშნა, და რომელიც დღეს თქვენ საქართველოს პრეზიდენტის რანგში მოგმართავთ.

საფრანგეთი, როგორც ვთქვი, განუყოფელია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსგან, რადგან მან, ბოლო ასი წლის განმავლობაში, მრავალჯერ შეიტანა წვლილი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ერისა და თვით ამ იდეის შენარჩუნებაში. თხრობისას, მე ძლიერ სიტყვას ვიყენებ – შენარჩუნება, რადგან ეს იყო მომენტები, როდესაც მის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა. ეს ფრანგულ-ქართული ურთიერთობა აღბეჭდილია სამ მომენტში:

საერთაშორისო აღიარება 1921 წელს. ამ წლის იანვარში და პირველად, მეფის რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ანექსიის შემდეგ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დამოუკიდებლობის დე იურე აღიარების წყალობით, საქართველო იბრუნებს თავის ადგილს ერთა შორის.

საფრანგეთი საქართველოში საბჭოთა კავშირის შემოჭრის მიუხედავად და მას შემდეგაც ამ ვალდებულების ერთგული დარჩება, რადგანაც საფრანგეთმა (და ამ საკითხის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი) 1922 წელს საბჭოთა კავშირის აღიარების აქტში ოკუპირებული საქართველო არ შეიყვანა. ის იღებს ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობას. პარიზი ხდება გადასახლებაში მყოფი საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის დედაქალაქი, ისევე როგორც ლონდონი თავისუფალი საფრანგეთისა. ამრიგად, საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი მემკვიდრეობა საფრანგეთისთვის, არა სამი, არამედ 15 წელი გაგრძელდება.

მხოლოდ 1933 წელს, როდესაც გერმანიასთან დაძაბულობა ძლიერდება, დალადიერის მთავრობას სხვა არჩევანი აღარ დარჩა, გარდა სტალინის დაჟინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ამ სიმბოლურ მხარდაჭერაზე უარის თქმისა. იმავდროულად, საფრანგეთი გახდება ქართული პოლიტიკური ელიტის მეორე სამშობლო, თავისუფალი საქართველოს სამშობლო, რომელმაც აირჩია გარედან ებრძოლა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში მას შესისხლხორცებული ჰქონდა მტკიცე რწმენა: საქართველო ერთ დღეს დაიბრუნებდა თავის სუვერენიტეტს, თავის თავისუფლებას და თავის ადგილს ევროპაში.

მეორე მომენტი – 1944 წელს ქართული ეროვნული საგანძურის დაბრუნებაა. გენერალი დე გოლი იღებს საქართველოს კუთვნილი ეროვნული საგანძურის დაბრუნების გადაწყვეტილებას. საგანძურისა, რომელმაც დევნილობაში მყოფი მთავრობის ბედი გაიზიარა და რომელიც საფრანგეთის ბანკში ინახებოდა. მისი და ექვთიმე თაყაიშვილის გარეშე ეს საგანძური ვერ იპოვნიდა თავის ადგილს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სადაც ის დღესდღეობითაც ინახება. ამ ჟესტით საფრანგეთმა დაგვიბრუნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

2008 წლის ომი ამ ტრიპტიხის მესამე ფრთა იქნება. როდესაც კიდევ ერთხელ, საქართველოს საზღვრები ირღვევა და ხორციელდება მის ტერიტორიაზე შემოჭრა, როდესაც ვლადიმერ პუტინის რუსეთი აგზავნის თავის ტანკებსა და თვითმფრინავებს. საქართველო ძალიან ეულად გამოიყურება. რუსეთის შემოჭრა პროგრესირებს და არავინ და არაფერი ჩანს, რაც, ან ვინც შეაჩერებს მას და ამ დროს საფრანგეთი ერთვება მისი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სახით და ევროკავშირის თავმჯდომარეობის სახელით და შედეგად მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ მართლაც შეაჩერა საოკუპაციო ძალების წინსვლა და გადაარჩინა საქართველო კიდევ უფრო ტრაგიკულ ბედს.

რა თქმა უნდა, სხვა მეგობარმა დასავლურმა სახელმწიფოებმა, შეერთებული შტატებიდან გერმანიამდე გაერთიანებული სამეფოს გავლით, ბევრი რამ გააკეთეს საქართველოსთვის. ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რომ არავის უთამაშია ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტებში ამდენად კონკრეტული როლი, როგორიც ითამაშა საფრანგეთმა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ჩემი პირველი ორმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებას დიმიტრი ამილახვარის დიალოგის ფარგლებში, იმ ქართველი პრინცის, რომლის სიცოცხლესა და საფრანგეთისთვის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვასაც ვიხსენებთ და აღვნიშნავთ დღეს. იმ საფრანგეთისთვის, რომლისთვისაც ამდენი ქართველი ემიგრანტის მსგავსად, ისიც უცხოელი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ასე სიღრმისეულად იყო მიჯაჭვული.

პრინცი ამილახვარის ცხოვრება და ბრძოლის ველზე მისი დაღუპვის გარემოებები ფრანგულ-ქართული კავშირის სიმტკიცის შესანიშნავი სიმბოლოა. ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებში, საფრანგეთის სახელმწიფოს ქმედების მიღმა, ფრანგულ-ქართული ურთიერთობა იმითაც არის უნიკალური, რომ ის გარკვეულწილად საფრანგეთის ისტორიაცაა: ეს არის იძულებითი და ტრაგიკული ემიგრაცია, აღიარებით ნასაზრდოები, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში წარმატებულ ინტეგრაციაში გარდაისახა.

ამრიგად, ამ საზოგადოებამ საფრანგეთს მისცა ექიმები, ინჟინრები, სპორტსმენები, მწერლები, მუსიკოსები, გამომგონებლები, დიპლომატები თუ ჟურნალისტები. ემიგრაციაში მყოფი ქართველებისათვის, რომლებიც საფრანგეთში ისტორიის მოულოდნელობების მიზეზით ჩავიდნენ, საფრანგეთის სამსახურში ყოფნა, მათი შესაძლებლობისამებრ იყო საფრანგეთისთვის იმ მცირედის დაბრუნება, რაც მათ ამ ქვეყანამ მისცა.

პრინცი დიმიტრი ამილახვარი, რომელსაც დღეს სიკვდილის შემდგომ საქართველოს უმაღლესი სამხედრო ორდენით ვაჯილდოვებ, ამ განვლილი გზის ყველაზე ნათელი სიმბოლოა. (19)40 წლის ივნისში ლონდონში გენერალ დე გოლის თავისუფალ საფრანგეთთან გაერთიანებით, ვიცე-პოლკოვნიკი ამილახვარი მოწოდებული იყო ემსახურა იმ საფრანგეთისთვის, რომელმაც თავშესაფარი შესთავაზა მის ოჯახსა და თანამოქალაქეებს და რომელიც ყველასთვის განუყოფელი იყო თავისუფლების იდეისგან. მისი ჩართულობა დასრულდება ელ ალამაინში, თავისუფალი საფრანგეთისთვის სიცოცხლის შეწირვით. ”ჩვენ უცხოელებს გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, რომ ვუჩვენოთ საფრანგეთს ჩვენი მადლიერება იმ მიღებისათვის, რომელიც მან ჩვენ გვარგუნა: დავიხოცოთ მისთვის!”. დაიღუპა რა საფრანგეთისა და მისი თავისუფლებისათვის, ის ასევე დაიღუპა საქართველოს თავისუფლებისათვის. პრინცმა ამილახვარმა ამგვარად აღასრულა საკუთარი ბედისწერა, მსხვერპლად შეეწირა თავის ორ სამშობლოს.

ამიტომაც ვარ განსაკუთრებით ბედნიერი და ჩემთვის პატივია, რომ ამ საიუბილეო და უდიდესი სიმბოლოს მატარებელ დღეს, პრინცი ამილახვარის ორი ბიუსტი, რომელსაც საფრანგეთის ქართული სათვისტომო ერთი მხრივ, უცხოური ლეგიონის (მე-13 ბრიგადის) მუზეუმს და მეორე მხრივ, სენ-სირის სამხედრო აკადემიის მუზეუმს, დღეს ჩემი თანდასწრებით ამ პრესტიჟულ ადგილას გადასცემს. ხვალ კი, მესამე ბიუსტი საქართველოში განთავსდება, რითაც კიდევ ერთხელ დავაკავშირებთ ჩვენს ქვეყნებს, თავისუფლებისა და ძმობის საერთო ღირებულებებით გაერთიანებულებს.

ეს სიმბოლური დღე ავირჩიე სხვა ორი პიროვნების დასაჯილდოებლადაც, რომლებმაც გასული ასი წლის განმავლობაში, ამ თავშესაფრის მიწაზე ქართული ემიგრაციის არსებობას დაატყვეს კვალი.

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი-ანდრონიკოვი მთელი განვლილი გზის სიმბოლოა: ქართული არმიის ოფიცრის ვაჟი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრას ებრძოდა, ის გადაასახლეს და დახვრიტეს 1937 წელს. კონსტანტინე დედასთან ერთად ერთად საფრანგეთს აფარებს თავს 1920 წელს. როგორც უცხოელი ნებაყოფლობით წევრიანდება საჰაერო ძალებში, 1947 წელს მიენიჭა საფრანგეთის მოქალაქეობა, შემდგომ მას აქვს სამაგალითო დიპლომატიური კარიერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (/Quai d’Orsay), ის იყო საფრანგეთის სამი პრეზიდენტის პირადი თარჯიმანი, პენსიაში გასვლის შემდეგ თავი მთლიანად თეოლოგიას მიუძღვნა.

თავადი ანდრონიკოვის მსგავსად, (რომელსაც იგი წმინდა სერგის ინსტიტუტში შეხვდა, სადაც ორივე ღვთისმეტყველებას სწავლობდა), დეკანოზი ელი მელია ორმოცი წლის განმავლობაში აცოცხლებდა ქართულ ქრისტიანობას ინსტიტუტის კედლებს მიღმა. ის იყო პარიზის წმინდა ნინოს ქართული სამრევლოს წინამძღვარი, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივი წლების განმავლობაში, ერთადერთი ქართული სამრევლო იყო თავისუფალ სამყაროში.

მამა მელია იყო ქართული ემიგრაციის სული და საყრდენი საფრანგეთსა და მსოფლიოში.

ამ პირველ ემიგრაციას მოჰყვება შემდგომი ტალღები, რომლებიც თავისებურად დატოვებენ ქართულ კვალს საფრანგეთში: ემიგრანტები თუ ემიგრანტების შთამომავლები – კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი, ოქრომჭედელი გუჯი, ფრანგული აკადემიის პირველი მუდმივი მდივანი ქალი, გაეროში საფრანგეთის ელჩი, დღეს უკვე პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, იაშვილების ოჯახის რაგბისტები, მხატვარი ვერა ფაღავა, მოდის დიზაინერი დემნა გვასალია, ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, მსახიობი გიომ გალიენი, არიან წარმატებული ინტეგრაციის ნათელი მაგალითი.

ქართული ემიგრაციის ისტორია, წარმატებული ემიგრაციის ისტორიაცაა, რომელიც ადასტურებს, რომ ემიგრაცია ყოველთვის არ არის საზღაური, ან ტვირთი, ემიგრაცია შესაძლოა იყოს უპირატესობა მიმღები ქვეყნისთვის. ის ასევე გვიდასტურებს, რომ ინტეგრაცია არ არის წარმოშობის ქვეყანასთან კავშირების შენარჩუნების გამომრიცხავი.

დაბოლოს, ის ასევე ადასტურებს იმას, რისი აღქმაც ძალიან უჭირს დღევანდელ მსოფლიოს, რომ იდენტობა არ ნიშნავს გარიყვას, არამედ ის შეიძლება იყოს შემატება და გამდიდრება. ეს არის იმ წინააღმდეგობებთან გამკლავება, რაც გამოწვეულია სხვების მსგავსად ფრანგად ჩამოყალიბებასთან ერთად ქართველად დარჩენით, ზოგისთვის სრულად, ზოგისთვის სანახევროდ. მიუხედავად იმისა, რომ გახდნენ სრულყოფილი ფრანგები, ემიგრაციის ქართველებს არ დავიწყებიათ და არ მიუტოვებიათ საქართველო. ეს არის პრინცი ამილახვარის მსხვერპლის მთავარი არსი. ბრძოლა იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაენახა საქართველო, რომელიც გაიზიარებდა ბედს, რომელიც 1945 წელს ერგო საფრანგეთს, როდესაც გახდა თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა.

ქართულ ემიგრაციას ჩვენამდე ასევე მოაქვს გზავნილი საფრანგეთის უნიკალურობაზე. თავშესაფრის ეს მიწა, რომლის იდენტობა სცდება საფრანგეთის, იგივე ექვსკუთხედის გეოგრაფიულ საზღვრებს, და მიისწრაფვის უნივერსალურისაკენ. საქართველოს ისტორია საფრანგეთში, ასევე საერთო ფრანგული ღირებულებების ისტორიაა, რომელთა შორის პირველი, თავისუფლებაა.

ზოგადად, ყველა ქართველი თავს იყრის გენერალ დე გოლის ფორმულაში, რომელიც ეხება „საფრანგეთს და მსოფლიოს თავისუფლებას შორის მრავალსაუკუნოვანი პაქტის“ არსებობას. ყველა ქართველს თან ახლავს ალექსანდრე დიუმას და მისი სამი მუშკეტერის სიმამაცე, გამბედაობა, თავდაჯერებულობა და დიდი ერთგულება, ვინაიდან ეს ფრანგულ-ქართული ურთიერთობა ფაქტობრივად განუყოფელია იმ საერთო ფესვების მქონე კულტურის კუთვნილებისადმი, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია ჰქვია: ღვინის უძველესი ცივილიზაცია, მედეასა და არგონავტების ქვეყანა, ლიტერატურისა და პოეზიისადმი გულმხურვალე საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა. ყოველთვის ევროპა იყო და იქნება. ამით იხსნება თუ რატომ სურს მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს აუცილებელი არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ევროპული მისწრაფება უპირველეს ყოვლისა ცივილიზაციის არჩევანს წარმოადგენს. ჩვენი ახალგაზრდები მასში ხედავენ თავიანთ მომავალს: ჩვენი ახალგაზრდები მოდიან სასწავლებლად და მკვიდრდებიან ევროპაში, ოცნებობენ პარიზზე და ეწაფებიან ევროპულ კულტურას. არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს ვერც კი წარმოუდგენიათ თავისი მომავალი სხვაგან, თუ არა ევროპის წიაღში. არც რუსეთისაკენ, რომელიც გარდასულ წარსულს წარმოადგენს, არც ცენტრალური აზიისაკენ, თუ ახლო აღმოსავლეთისაკენ – რომელიც გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა, თუმცა კულტურულად ბევრად უფრო შორს.

დღეს ჩვენი აქ ყოფნა ამას ადასტურებს. საქართველო ევროპაა და ჩემი პირადი ისტორიაც ამის განსახიერებაა. ეს არის ჩემი მანდატის არსი: საქართველოსა და ევროპის მჭიდრო დაახლოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა. საფრანგეთმა, რომელიც დღეს ყველაზე წარმატებულ ევროპულ ამბიციას წარმოადგენს (იმ ევროპისა, რომელიც მსოფლიოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს) უნდა გამონახოს ის ციცაბო ბილიკი, რომლითაც მიაღწევს როგორც ევროპული ოჯახის ერთიანობას, ისე როგორც ეს არის დღეს, რაც ძალაუფლების მოთხოვნაა, ასევე, მთელი ევროპული ოჯახის განვრცობას შავი ზღვის ჩათვლით, როგორც ისტორიული ფაქტი, როგორც უალტერნატივო აუცილებლობა!

Vive la France! Vive la Georgie! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საფრანგეთს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.