სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, ვიმედოვნებთ, ასევე განვავითარებთ იაპონიასთან
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, ვიმედოვნებთ, ასევე განვავითარებთ იაპონიასთან

„საქართველოს პრეზიდენტი იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავს“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას იაპონური გამოცემა „კიოდო ნიუსი“.

როგორც მედიასაშუალება წერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისწრაფვის იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისკენ მომავალში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით.

ტოკიოში ვიზიტისას „კიოდო ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაგასაყარზე თავისი მდებარეობით საქართველო ფართო ბიზნესშესაძლებლობებს წარმოადგენს.

„ბოლო წლებში საქართველო მუმდივად ვითარდება და ახლა ჩვენ გვაქვს საკმაოდ იმედისმომცემი მდებარეობა ევროკავშირსა და აზიას შორის, რადგან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან და საკმაოდ მალე ინდოეთთანაც. ასე რომ, ჩვენ წარმოვადგენთ ჰაბს და ვიმედოვნებთ, ასევე განვავითარებთ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იაპონიასთან“, – განაცხადა მან.

გამოცემა წერს, რომ ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველო და იაპონია მიმდინარე წელს საინვესტიციო შეთანხმებას გააფორმებენ, რითაც გზას გაუხსნიან უფრო ფართო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებებს. იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონიაზე დასასწრებად იაპონიაში მყოფმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იაპონიის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კავშირგაბმულობა და ხელოვნური ინეტელექტი, მას მიმზიდველ პარტნიორად აქცევს.

„იაპონიის ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, საქართველოში ჩვენ გარკვეული განვითარება გვჭირდება იმ სფეროებს, რომლებშიც იაპონია ჩვენთვის შეიძლება,  ძალიან კონკურენტული და საინტერესო იყოს. ორი ქვეყნის ურთიერთობებში არის ზრდის დიდი პოტენციალი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დატოვე კომენტარი