სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც არ არის სათანადოდ დაფასებული
სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც არ არის სათანადოდ დაფასებული

საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც არ არის სათანადოდ დაფასებული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის უფრო და უფრო გამწვავების პირობებში, როგორ ხედავს საფრთხეების შემცირებისა და განეიტრალების გზას.

„ჯერ იმას უნდა გავუსვათ ხაზი, ჩვენი მხარე არანაირად არც ერთ პროვოკაციულ ნაბიჯზე არ მიდის, არც გამყოფ ხაზზე და არც ზოგადად. ეს არის საქართველოს მუდმივი პოლიტიკა ომის შემდეგ. არ გადავიდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ამას დაარღვევდა. საფრთხეების შემცირებაზე თუ არის საუბარი, საფრთხე არასოდეს მოდის ჩვენი მხრიდან. მხოლოდ ამას ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუქმნათ პირობები, თუნდაც ჯანდაცვის ან განათლების კუთხით; იმისთვის, რომ შევამსუბუქოთ მათი მდგომარეობა. იმ მომენტებში, როდესაც მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები, ასეთ შემთხვევაშიც ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა რესურსი, მათ შორის ჩვენი პარტნიორები. საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც არ არის სათანადოდ დაფასებული.

რჩება ერთი რამ – რჩება დიპლომატია და დიალოგი. მაგრამ დიალოგს აქვს ის თავისებურება, რომ ორივე მხარე უნდა იყოს მზად. მეორე მხარემაც, ამ შემთხვევაში, უნდა გვაჩვენოს თავისი ნაბიჯებით, რომ რაღაც იცვლება ამისთვის, ეს დიალოგი რომ გაიხსნას. ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარემ დეესკალაციის ნიშნები უნდა გვაჩვენოს. ასეთი ნიშანი არის და არაერთხელ მითქვამს, მაგალითად ის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იყოს სრულად შესრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღოს საშუალება, დაფაროს მთელი ტერიტორია, დასაწყისში ნაწილი მაინც. ეს თავისთავად შეამცირებს ამ ინციდენტებს და თავისთავად გამოიწვევს დეესკალაციას, რომელიც შეიძლება, იყოს საწყისი ახალი ეტაპისა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.