სალომე ზურაბიშვილი - ლიეტუვის პრეზიდენტი მეუბნებოდა, რომ დგება ხუთ საათზე, პირველი შეხვედრა აქვს რვაზე, ეს არის სხვა კულტურა, რომელსაც რაღაც ფორმით უნდა მივუახლოვდეთ
სალომე ზურაბიშვილი - ლიეტუვის პრეზიდენტი მეუბნებოდა, რომ დგება ხუთ საათზე, პირველი შეხვედრა აქვს რვაზე, ეს არის სხვა კულტურა, რომელსაც რაღაც ფორმით უნდა მივუახლოვდეთ

ლიეტუვის პრეზიდენტი გუშინ მეუბნებოდა, რომ დგება დილის ხუთ საათზე და პირველი შეხვედრა თავის თანამშრომლებთან აქვს რვაზე. გასაგებია, რომ ეს არის სხვა კულტურა, მაგრამ რაღაც ფორმით მაინც უნდა მივუახლოვდეთ, იმას, რაც არის უფრო ეფექტური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას რესპუბლიკაში ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უნდა დაუახლოვდეს შრომის ევროპულ სტანდარტს და მოხდეს ევროპული სამუშაო კულტურის გადმოტანა.

„ეფექტური არის დილით, ადრე დაწყება და არც ისე გვიან დამთავრება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი პატარა მაგალითი არის და რეალურად, ალბათ ჩვენ გვჭირდება გადმოტანა სხვა სამუშაო კულტურის, პოლიტიკურ კულტურაზე რომ აღარაფერი ვთქვა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ქვეყანაში შრომის ბაზრის მიმართულებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ის ადამიანური რესურსი, რომელიც განათლებას იღებს საზღვარგარეთ, სურს სამშობლოში დაბრუნება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სამსახურში ჩაყენება.

სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა, როგორ ხედავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები საკუთარ თავს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, როგორ ხედავენ ისინი მომავალ პროფესიულ კარიერას.

მისი თქმით, გლობალურ მსოფლიოში საქართველოს აქვს ძალიან დიდი ადამიანური კაპიტალი იმ სტუდენტების სახით, ვინც საზღვარგარეთ სწავლობენ.

„ცოტა პატარა ქვეყანას ჰყავს ამდენი სტუდენტი, რომლებიც საზღვარგარეთ სხვადასხვა დარგზე სწავლობენ და მე მაინტერესებს, რა დარგში სწავლობთ თქვენ და როგორ ხედავთ თქვენ მომავალ კარიერას, იმიტომ რომ ამასაც მნიშვნელობა აქვს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქართული განათლების სისტემა ბოლომდე არ არის მორგებული შრომის ბაზრის საჭიროებებს.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი და მეორე მხრივ, კონკრეტული საჭიროებებისა და კატეგორიის კადრები რთული მოსაძიებელია, ამიტომ საჭიროა, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა.

„ჩვენ დღეს ქვეყანაში ვხვდებით იმას, რომ რეალურად განათლების სისტემა არ არის მორგებული იმ ბაზრის მდგომარეობას, რომელიც არსებობს ქვეყანაში. ერთი მხრივ, არის მაღალი მაჩვენებელი უმუშევრობის და მეორე მხრივ, როცა იგივე სახელმწიფო ადმინისტრაცია, ან უცხოელი ინვესტორი ეძებს კადრებს, ცოტა ძნელი საპოვნია. არის აცდენა ბაზრის და მომზადებულ კადრებს შორს. ეს არის ალბათ დღევანდელი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და სწორედ ამიტომ უფრო დაზუსტებაა იმისი, თუ რა დასჭირდება ქვეყანას მომავალ წლებში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი პრიორიტეტები და გაარკვიოს, სად და როგორი კადრები სჭირდება.

შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ: სახელმწიფოს განათლების სისტემის განვითარების მიმართულებებით, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების დღის წესრიგით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ასპექტებით.