სალომე ზურაბიშვილი - საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს

საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფოებმა უნდა იპოვონ ერთიანი მიდგომა მიგრაციის პრობლემისადმი.

„მიგრაცია ჩვენი საერთო მდგომარეობა გახდა, რომელიც ყველგან შიშსა და შფოთვას იწვევს. ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც კარგავს სასიცოცხლო ძალას, გონებას, ახალგაზრდა თაობები გაედინებიან ქვეყნიდან, მომავლის შიში აქვთ. სხვა ქვეყნები კი ხედავენ მასობრივად ჩასულ უცხოელ მიგრანტებს და შიშობენ, რომ ისინი დაიკავებენ ადგილობრივთა სამუშაო ადგილებს, ეროვნულ თვითმყოფადობას შეერევიან. ზოგიერთი მიგრანტი ლეგალურად შედის ქვეყანაში უკეთესი შესაძლებლობებით, უმეტესობა კი არალეგალური გზით და ეძებენ იმას, რისი პოვნაც სამშობლოში ვერ შეძლეს. თუმცა, უმეტესობა ტოვებს მათ მშობლიურ ქვეყანას, ომის განადგურებისა და დევნის გამო. ამას გარდა, კლიმატური ცვლილებების გამო, უახლოეს მომავალში სავარაუდოა დიდი რაოდენობით ახალი კატეგორიის მიგრანტების გამოჩენა, რომლებიც დატოვებენ ტერიტორიებს გაუდაბნოების, წყალდიდობების, ქარიშხლების ან ხანძრის გამო. ამ საკითხზეც პასუხი უნდა იყოს გლობალური. სახელმწიფოებმა უნდა იპოვონ ერთიანი მიდგომა, რათა დაარეგულირონ ის რაც არ შეჩერდება.

საქართველო, რომელიც დღეს, როგორც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს. არალეგალური მიგრაციის შემცირება აუცილებელია, რათა შევინარჩუნოთ ევროპული ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი უძვირფასესი სარგებელი, როგორიცაა ვიზალიბერალიზაცია. საზღვარზე უკეთესი კონტროლის გარდა, რაც საჭიროა და მიმდინარეობს, თუმცა მკაცრი სავიზო პროცედურების აღდგენამდე, არსებობს გამოსავალი, გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი და დამკვიდრდეს ქვეყანაში სოციალური დაცვა, უსაფრთხო სამუშაო ადგილები და ცხოვრების უკეთესი ხარისხი, რომელსაც ემიგრანტების უმეტესობა სხვაგან ეძებს. საქართველო ხედავს მის ევროპული ინტეგრაციის გზას, როგორც ყველაზე პირდაპირ გზას ამ მიმართულებით და ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე გზაა, დარეგულირდეს ნაკადები სახელმწიფოთა შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებით, რომელიც ლეგალურად და დროებით დასაქმების საშუალებას მისცემს იმ სფეროებში, რომელიც საერთო ინტერესებშია.

„საქართველო აქტიურად მუშაობს რათა გააფორმოს შეთანხმებები ცირკულარულ მიგრაციაზე მის მთავარ პარტნიორებთან. უკონტროლო და დაურეგულირებელი მიგრაცია შეიძლება იქცეს დარღვევის მთავარ ფაქტორად, რაც დაემუქრება მშვიდობასა და სტაბილურობას, თუმცა მართვადი და რეგულირებული მიგრაცია შესაძლოა, გახდეს აქტივი უკეთესი ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციისთვის კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის, ვექტორი უფრო მეტი ტოლერანტულობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.