სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლია, ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლია, ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს

ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თავად მხარს უჭერს უკრაინას და მმართველი პარტია არა და ეს ხომ არ აქცევს მას და საქართველოს მთავრობას დაპირისპირებულ მხარეებად, პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო უერთდება უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ყველა რეზოლუციას.

„ჩემი აზრით, გადამეტებულია იმის თქმა, რომ ჩემსა და საქართველოს მთავრობას შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. შეიძლება, სხვაობა იყოს ლექსიკაში, რომელსაც მთავრობა იყენებს. თბილისში თუ ჩამოხვათ, დაინახავთ, რომ ხალხი მხარს უჭერს უკრაინას. ქალაქში ბევრი უკრაინული დროშაა და ბევრი ინიციატივა მოდის მოქალაქეებისგან იმის დემონსტრირებისთვის, რომ ქართველები უკრაინის სოლიდარულები არიან. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს რაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ეხება. ეს ღიმილისმომგვრელია, რადგან საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლია. არის ბევრი სხვა ქვეყანა, რომელსაც ნატო-ს მეხუთე მუხლი იცავს, შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარება და ამას აკეთებენ კიდეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რაც შეუძლიათ. ამ კუთხით მე დავეთანხმები უკრაინის პრეზიდენტს და ვიტყვი, რომ რომელ ქვეყნებსაც შეუძლია მეტი სამხედრო დახმარების გაწევა უკრაინისთვის, მათ ეს უნდა გააკეთონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.