სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა
სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან რეგიონში განხორციელებულ სამუშაოებთან და კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრსა და ასოციაცია „მერკურის“ ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს.

დღესვე პრეზიდენტი ზუგდიდში ემიგრანტთა პარკს, ბოტანიკურ ბაღსა და დადიანების სასახლის რესტავრირებულ კორპუსს დაათვალიერებს, სიჭინავების ოჯახს ეწვევა, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია, ქართული ტრადიციული მედიცინის მეთოდების გამოყენებით დამწვრობის მალამოს ამზადებს.

10 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სენაკში სამხედრო ბაზაზე, გენშტაბისა და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, მეორე ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრება.

სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტი სოფელ გოლასკურში მცირე მეწარმეებს შეხვდება და თაფლის წარმოების პროცესს გაეცნობა.