სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილს უკრაინაში მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა არ არის
სააკაშვილის შეწყალება პოლარიზაციის გაძლიერებას გამოიწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფორინ პოლისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის დაპატიმრება სწორი ნაბიჯი, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.
„მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი, მას შემდეგ, რაც მათი სასჯელი მიუსაჯეს. მაშინ მე ვფიქრობდი, რომ ეს შიდა გაერთიანების პროცესს და დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობდა. ახლა ვართ სრულიად განსხვავებულ პოზიციაში. სააკაშვილის შეწყალება გამოიწვევს მძლავრ პოლარიზაციას საქართველოში, რადგან ნახევარი ქვეყანა ისევ ურყევია ერთი მხრივ და ალბათ, დიდი ნაწილი, უმრავლესობა შეწყალების ფორმის წინააღმდეგია.
ასევე, მე ვთქვი, რომ სხვა საკითხია, თუ მას რეალურად დაუდგინდება რაიმე სერიოზული დაავადება; მაშინ, ვფიქრობ, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად. უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრია ერთიანობის შენარჩუნება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ზურაბიშვილი შეშფოთებული იმ გზავნილით, რომელსაც მსოფლიო იღებს სააკაშვილის დაპატიმრებით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი აზრით, სააკშვილის საკითხი დიდად მნიშვნელოვანი არ არის.
„საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გაასამართლეს და ის შინაპატიმრობაშია. არსებობს ბევრი სხვა, მათ შორის იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. ასე რომ, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ გამოდგება არც ერთი ფორმის დემოკრატიის საზომად“, – ამბობს ზურაბიშვილი.
ამასთან, კითხვაზე, რატომ გაიწვია მაშინ უკრაინამ საკუთარი ელჩი საქართველოდან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს.
„ეს არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან საქართველოში და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. არ მსურს ვინმეს მხილება… ახლა ჩვენი უკრაინელებთან ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო. ყველაფერი, რაც რაიმე სახის უთანხმოებას აჩვენებს და ეს ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე. ამიტომ არ მიყვარს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებული. სააკაშვილი კი უკრაინაში იმყოფებოდა და მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა, ჩემი აზრით, არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.