სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილის შეწყალება გამოიწვევს პოლარიზაციას, სხვა საკითხია, რეალურად თუ დაუდგინდება სერიოზული დაავადება, მაშინ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პოლარიზაციის გაძლიერებას გამოიწვევს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ფორინ პოლისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის დაპატიმრება სწორი ნაბიჯი, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.
„მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი, მას შემდეგ, რაც მათი სასჯელი მიუსაჯეს. მაშინ მე ვფიქრობდი, რომ ეს შიდა გაერთიანების პროცესს და დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობდა. ახლა ვართ სრულიად განსხვავებულ პოზიციაში. სააკაშვილის შეწყალება გამოიწვევს მძლავრ პოლარიზაციას საქართველოში, რადგან ნახევარი ქვეყანა ისევ ურყევია ერთი მხრივ და ალბათ, დიდი ნაწილი, უმრავლესობა შეწყალების ფორმის წინააღმდეგია.
ასევე, მე ვთქვი, რომ სხვა საკითხია, თუ მას რეალურად დაუდგინდება რაიმე სერიოზული დაავადება; მაშინ, ვფიქრობ, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად. უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრია ერთიანობის შენარჩუნება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ზურაბიშვილი შეშფოთებული იმ გზავნილით, რომელსაც მსოფლიო იღებს სააკაშვილის დაპატიმრებით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი აზრით, სააკშვილის საკითხი დიდად მნიშვნელოვანი არ არის.
„საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გაასამართლეს და ის შინაპატიმრობაშია. არსებობს ბევრი სხვა, მათ შორის იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. ასე რომ, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ გამოდგება არც ერთი ფორმის დემოკრატიის საზომად“, – ამბობს ზურაბიშვილი.