სალომე ზურაბიშვილი - რა ფორმით და როგორ იქნება პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოში ჩართული, ეს კონსულტაციების საგანია
სალომე ზურაბიშვილი - რა ფორმით და როგორ იქნება პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოში ჩართული, ეს კონსულტაციების საგანია

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საფრანგეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რა ფორმით და როგორ იქნება პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოში ჩართული, იმ კონსულტაციების საგანია, რაც ამ დროისთვის მიმდინარეობს.

„უსაფრთხოების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს შეიძლება გადაიზარდოს სხვა რამეში, საომარ ვითარებაში და ყველას იმედი გვაქვს, ეს არასოდეს მოხდება.

რაც უშუალოდ პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის, ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი იყოს სრულად ინფორმირებული და ჰქონდეს საშუალება ურთიერთობის. რა ფორმატში იქნება და როგორ, ეს არის ერთ-ერთი საგანი იმ კონსულტაციებისა, რაც მიმდინარეობს.

მე ჯერ არ ვარ გათვითცნობიერებული, რადგან ეს მოხდა ჩემი არყოფნის დროს და გრძელდება. ვნახოთ, როგორ იქნება და რა იქნება, დაველოდოთ თბილისში ჩემს დაბრუნებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.

„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, – ნათქვამია პროექტში.