სალომე ზურაბიშვილი - ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს და ეს ასე გაგრძელდება
ქვეყნისათვის ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც კი არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს და ეს ასე გაგრძელდება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან მიმართა ქვეყნის სტუმრებს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა.
„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე, ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში – მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება.
და ბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს – საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს.
ქვეყნისათვის ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს და ეს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.