სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და დიპლომატებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ელჩებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შესამცირებლად მზადაა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომლებსაც არა აქვთ დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოწოდებები და იდეები.
„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია“, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.