სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე
სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, პოლიციელებსა და ექიმებს, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

,,ჟურნალისტებს შორისაც არიან დაზარალებულები. ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მინდა, მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო, ასევე პოლიციელების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს არნახული ძალადობის ქვეშ იყვნენ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას. არ შევეხები ძალის გადამეტების საკითხს. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. ეს გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია. ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს. ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება თუ არა ჟურნალისტები, სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები, საზოგადოება არ იქნება თქვენს გარეშე“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ექიმებსა და სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს სასახლეში მიიწვია და დააჯილდოვა.

დღეს ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა: „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ – ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი