სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ხალხი ევროპისაგან მეტ მხარდაჭერას ელოდება
სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ხალხი ევროპისაგან მეტ მხარდაჭერას ელოდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც მადლობას გამოვხატავთ იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ევროპამ მიიღო საქართველოს დაახლოებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის გზავნილია, რომ ისინი ასევე ელიან ევროპისგან მეტ მხარდაჭერას, მეტ ჩართულობას, როდესაც საქმე ოკუპაციის პრობლემას ეხება.

„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ხელახალი დადასტურება მისასალმებელი და აუცილებელია. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, როგორც ახალგაზრდა დემონსტრანტების პროტესტმა ნათლად დაგვანახა. გადაუჭრელი კონფლიქტები ხანგრძლივ არასტაბილურობას თესს. საქართველო არის მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც მისი ისტორიის განმავლობაში უცხო ქვეყანაში არასდროს არ შეჭრილა.

ქართველები მილიონობით რუსი ტურისტების მასპინძლობას, ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, ტოლერანტობით და სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფით განაგრძობენ, მიუხედავად 2008 წლის ომისა. ჩვენი შეუდრეკელი არჩევანი ოკუპაციის საკითხის მშვიდობიანად დიპლომატიურ გადაწყვეტაზე გადის, როგორც ჩვენი სამშვიდობო გეგმით არის გათვალისწინებული „ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის.“

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.