სალომე ზურაბიშვილი - პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა
სალომე ზურაბიშვილი - პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა

პროვოკაციები არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები მას არ გააჩერებს.

„ამის მტკიცებულებები არის ის, რაც ხდება პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩემი გამოსვლების დროს რეგიონებში. მაგრამ ეს არ არის ის, რაც მაჩერებს, როგორც იცით. არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს მთავარი აქცენტი. მთავარია, ჩემი ურთიერთობა ამომრჩეველთან“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ ინტერვიუზეც ჰკითხეს.

ზურაბიშვლის თქმით, აღარასოდეს განმეორდება ის, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, როცა ბიზნესი ყველანაირად დარეკეტებული იყო.

„მიჩნდება კითხვები, როდესაც ვადარებ იმას, რაც ხდებოდა წინა წლების დროს. როცა იყო ნამდვილი რეკეტი ბიზნესზე და როცა თქვენ ღიმილი არ გიჩნდებოდათ და არც კითხვები. როგორც მომავალი პრეზიდენტი, ვარ და ვიქნები მედიის დამცველი, ასევე ბიზნესის დამცველი. აღარასოდეს განმეორდება, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, როცა ბიზნესი იყო ყველანაირად დარეკეტებული. ეს პერიოდი დამთავრდა და აღარასოდეს არ დაბრუნდება. ჩემი პრეზიდენტობის დროს არ განმეორდება ის, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილმა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ყველაზე დიდ ხარვეზად მიმაჩნია ის, რომ დიალოგი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არ იყო სათანადო დონეზე. ბევრი რამ რაც გაკეთდა, არ იყო მიტანილი საზოგადოებასთან. ბევრი პრობლემა, რაც საზოგადოებაშია, არ იქნა მოტანილი ხელისუფლებასთან და ამ დიალოგის აღდგენა იქნება ერთ-ერთი ის ფუნქცია, რაც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რათა იყოს მედიატორი, ადამიანი, რომელიც საზოგადოების მხარეს იქნება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.