სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობამ გამოაჩინა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც
პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობამ გამოაჩინა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, „დემოკრატიის კუთხით გამოწვევები არ დაგვკლებია“.
„2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა. დამარცხდა თუ არა ეს კანონი, მას მოჰყვა კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც.
ეს ყოველივე კი მაშინ ხდება, როცა ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის მიზანი დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს. მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შტოებს შორის ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა. ასევე, პარლამენტი, მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის მაგივრად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა. ერთპარტიული სისტემა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის შემდგომ, მიუხედავად 2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობისა, დაუბრუნდა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს. ბოლო ცვლილებებიც ამ ხაზს მიჰყვებიან, ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებას და გამყარებას, რასაც პარტიის შიდა დემოკრატიას თუ როტაციის პრინციპს არქმევენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.