სალომე ზურაბიშვილი - პოლარიზაცია შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, ძველი დემოკრატიებიც დააზარალა, ბევრ ქვეყანაშია და საერთო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ
სალომე ზურაბიშვილი - პოლარიზაცია შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, ძველი დემოკრატიებიც დააზარალა, ბევრ ქვეყანაშია და საერთო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ

პოლიტიკოსების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომელიც არის რეგიონში.

„უსაფრთხოება და სტაბილურობა სულ უფრო მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ახლოს ვხედავთ რუსეთის უკიდურეს გადაწყვეტილებას, დაუპირისპირდეს ძველ წესრიგს – ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოს ტერიტორიაზე; ვხედავთ, რომ ეს მაგალითი ახლა სხვაგან მეორდება და უკრაინაშია უკიდურესად შემაშფოთებელი ქცევა; ვხედავთ, რომ ბელარუსი იყენებს მიგრანტებს, რაც ახალი ინსტრუმენტია მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის; ვხედავთ ამ ყველაფერს, ძალიან შემაშფოთებელ ახალ ტენდენციას და უნდა ვიპოვოთ ახალი გადაწყვეტილებები. ამ გამოწვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სულ რაღაც გუშინ გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე. ეს არის ის სამყარო, სადაც ჩვენ წელს ვცხოვრობდით და სავარაუდოდ მომდევნო წელსაც გავაგრძელებთ ცხოვრებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა პოლარიზაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ის არ შეხებია მხოლოდ პატარა ქვეყანას, ახალ დემოკრატიას – საქართველოს და ვხედავთ, რომ ძველი დემოკრატიებიც დაზარალდნენ პოლარიზაციის გამო.

„ასევე ცნობილია შიდა უკიდურესი გამოწვევები არა მხოლოდ საქართველოში; პოლარიზებული არჩევნები, რაც ნამდვილად შემაშფოთებელი საკითხია, სადაც სახელმწიფო ინტერესები ცალსახად გვერდით არის გადადებული ცალკეული პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ. ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, პატარა ქვეყანას, ახალ დემოკრატიას და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძველი დემოკრატიებიც დაზარალდნენ ამ პოლარიზაციის გამო. როგორც ჩანს, ეს არის ტენდენცია ბევრ ქვეყანაში და საერთო გამოსავლები უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ისაუბრა ახლახან ჩატარებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე და განაცხადა, რომ ეს სამიტი იყო პროგრესი ევროინტეგრაციის საქმეში, მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ კრიზისშიც კი.

„ჩვენ დავინახეთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბოლო სამიტი იყო პროგრესი ევროინტეგრაციის საქმეში და ევროკავშირის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ კრიზისშიც კი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტები არის ის, რაც ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაბიჯის წინ გადადგმა. იყო აქტიური, საკმარისი არ არის, საჭიროა მეტი წინსვლა და ვხედავთ, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ ჩვენ მზად ვართ, შეგვიძლია ეს წინსვლა და ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამოწვევაა.

მე გამოვთქვი ახალი ინიციატივა, რომელიც უთანხმოებების გადალახვისა და გაერთიანების მცდელობაა, მაგრამ საზოგადოება პლურალისტული უნდა დარჩეს. ჩვენ არასდროს ვიფიქრებთ ერთნაირად ბევრ განსხვავებულ საკითხზე, მაგრამ ამავდროულად, აზრი არ აქვს განსხვავებულ აზროვნებას ან განსხვავებულ საკითხებს, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ერთად განხილვა. ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა ამ ყველაფრის გადასაჭრელად და შევხედოთ უთანხმოებებს, რადგან შესაძლოა, ერთმანეთის მოსმენა იყოს საინტერესო და ვფიქრობ, ამით ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც არის საქართველოს იდენტობა, რომელიც იყო ერთიანობა და ტოლერანტობა. სხვა შემთხვევაში, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, დღეს ეს ქვეყანა არ იქნებოდა და მე არ ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი.

ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს იარსებებს და რომ ერთად შევძლებთ ამ ახალი გამოწვევების დაძლევას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას.