სალომე ზურაბიშვილი - პასუხი პუტინს ასეთია: ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები
პასუხი პუტინს ასეთია: ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ხედავს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს: „ეს ჩვენი გზაა. ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირია. რუსეთთან დაძაბულობა არსებობდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მილიონ-ნახევარი ტურისტისთვის, ჩამოსულიყო ქვეყანაში, მოსახლეობასთან ყოველგვარი ინციდენტის გარეშე“.
ამასთანავე, ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება სალომე ზურაბიშვილის პასუხი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს ავიარეისები საქართველოსთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამან გავლენა არ უნდა იქონიოს ტურისტებზე.
„პასუხი ასეთია: ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, რომლებიც, მომხდარის გამო, ფსკერზეა. ამ საკითხების გადაჭრა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებას და ყველაფრის მიუხედავად, ამან გავლენა არ უნდა იქონიოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე და იმ მშვიდობიან გარემოზე, რომელიც საქართველოშია“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ დეესკალაცია უნდა შეძლოს.
„რადგან არავის, არც საქართველოს, არც ევროკავშირს სჭირდება დაძაბულობის ახალი კერა რეგიონში, ფართო რეგიონში. განვაგრძობთ დაძაბულობის შექმნის მცდელობებისთვის პასუხის მშვიდობიანი გზით გაცემას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.