სალომე ზურაბიშვილი - პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბუნებრივია და არ უნდა იყოს აღქმული საფრთხის შემცველ ფაქტორად
სალომე ზურაბიშვილი - პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბუნებრივია და არ უნდა იყოს აღქმული საფრთხის შემცველ ფაქტორად

პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბუნებრივია და არ უნდა იყოს აღქმული საფრთხის შემცველ ფაქტორად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რაც შეეხება პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ამ შემთხვევაშიც, არ გამოვხატავ ჩემს პირად მოსაზრებებს ამა თუ იმ პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ერთადერთი – შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი პარლამენტში შექმნილ ახალ მოცემულობასთან დაკავშირებით, – როცა აღარ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა და სადაც შესაძლოა, ფრაქციების ან თუნდაც უმცირესობის გადალაგება მოხდეს.

ეს პროცესები, ჩემი გადასახედიდან, ახალი, საპარლამენტო სისტემის ბუნებრივი ნაწილია. ასეთ სისტემებში საკანონმდებლო უმრავლესობის მიღწევისთვის ან მთავრობის დამტკიცებისთვის ხანდახან საჭირო ხდება კოალიციების შექმნაც.

მოვლენების ასეთი განვითარება არც უნდა გვიკვირდეს და არც უნდა იყოს აღქმული დესტრუქციულ ან საფრთხის შემცველ ფაქტორად, თუკი იგი არ ემუქრება ქვეყნის სტაბილურობასა და მის მთავარ კურსს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესებში დაშლა, გაერთიანება თუ გადაადგილება ნაკლებად მნიშვნელოვანია და უფრო საყურადღებოა პოლიტიკური დისკურსი, მკვეთრი განცხადებები, პირადი შეურაცხყოფის შემთხვევები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ხვალინდელი თანამშრომლობის ფორმატების შექმნას.

„ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან, სტაბილურობის მაღალი ფასიდან და ჩვენი პერსპექტივებიდან გამომდინარე, ამის უფლება არ გვაქვს. მაღალი პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კულტურის ვალდებულება გვაკისრია ყველას, ვინც ფიქრობს ხვალინდელ საქართველოზე და სახელმწიფოს გაძლიერებაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.