სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე - ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც პასუხისმგებელი იყო, უნდა დაისაჯოს
სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე - ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც პასუხისმგებელი იყო, უნდა დაისაჯოს

ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც პასუხისმგებელი იყო, უნდა დისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.

„ძალიან მძიმე წუთებია, მე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის. თავის დროზე საავადმყოფოში ვინახულე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო პასუხისმგებელი ამაზე, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა, თქვენ, ჟურნალისტებს და არა მხოლოდ, ეს მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტარგედიას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.