სალომე ზურაბიშვილი - ნებისმიერი დაძაბულობა ისტორიულ მეზობელ ირანსა და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს, ასევე ისრაელს შორის ჩვენთვის იქნება კატასტროფული
სალომე ზურაბიშვილი - ნებისმიერი დაძაბულობა ისტორიულ მეზობელ ირანსა და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს, ასევე ისრაელს შორის ჩვენთვის იქნება კატასტროფული

ნებისმიერი დაძაბულობა საქართველოს ისტორიული მეზობელი ირანისა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს შორის, კიდევ ერთ პარტნიორ ისრაელს შორის, ჩვენთვის იქნება კატასტროფული, რადგან ჩვენი განვითარების საფუძველი არის სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბრიტანელი დეპუტატის ჯონ ჰოუველის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენ ისაუბრეთ საქართველოს პრობლემებზე. თქვენი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ირანთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გადაჭრას დაეხმაროთ“? – ჰკითხა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო პატარა ქვეყანაა და ირანის პრობლემის მოგვარება არ შეუძლია.

„რაც შეეხება ირანს. ეს რთული კითხვაა. მე რომ ვყოფილიყავი ირანის სანქციებზე მომუშავე გაერო-ს საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი, მექნებოდა შესაძლებლობა, უკეთ გამეგო, რა არის გამოსავალი ირანის გარშემო შექმნილი სიტუაციიდან. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენი ძალებით ირანის პრობლემის მოგვარება არ შეგვიძლია. საუკუნეების განმავლობაში საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა ურთიერთობები ყველა მეზობელ ქვეყანასთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, რუსეთის ქმედებების გამო, ჩვენ დავკარგეთ რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობა, ყოველ შემთხვევაში ურთიერთობების ამ ფაზაში. თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამას ვახერხებდით და საქართველოს ამბიციაა, როგორც ქვეყანამ, კიდევ ერთხელ იპოვოს საკადრისი ადგილი რეგიონში, რომელსაც ყველა სხვა სახელმწიფოსთან საუბარი შეუძლია და ქვეყანამ, რომელიც დაძაბულ რეგიონში სტაბილურობის მაგალითია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.