სალომე ზურაბიშვილი - ნატო-ში ჩვენი სამხედრო განვითარებისთვის გერმანიის მხარდაჭერა თანამშრომლობის სერიოზული ასპექტია, რისთვისაც გერმანიის უაღრესად მადლობელი ვართ
ნატო-ში ჩვენი სამხედრო განვითარების საკითხში გერმანიის მხარდაჭერა არის ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ასპექტი, რისთვისაც გერმანიის უაღრესად მადლობელი ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ საკითხზე გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
„არ შეიძლება, არ ვახსენოთ, ნატო-ს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა ბათუმში, რომელიც საბჭოს მეხუთე ვიზიტი იყო საქართველოში. ნატო-ში ჩვენი სამხედრო განვითარების საკითხში გერმანიის მხარდაჭერა არის ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ასპექტი, რისთვისაც ჩვენ გერმანიის უაღრესად მადლობელი ვართ. ეს თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება და გაძლიერდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს ყველა მიმართულებას ეხება.
„ჩვენი თანამშრომლობა ასევე ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში არის ის ფაქტი, რაც არც ჩვენ და არც გერმანელებს არ გვავიწყდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ.