სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სერ სტიუარტ პიჩის შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სერ სტიუარტ პიჩის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სერ სტიუარტ პიჩის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გრძელდება და ვითარდება. საქართველო ურყევად დგას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საჭიროა ქვეყანაში ნატოს წარმომადგენლობითობის გაზრდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას.

„პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა. პრეზიდენტმა ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისა და ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესახებ.

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხი და ამ მიმართულებით ნატო-ს მეტი ჩართულობა.

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სერ სტიუარტ პიჩიმ აღნიშნა, ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ავღანეთში ნატო-ს საერთაშორისო მისიაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს.