სალომე ზურაბიშვილი - ნატო-ს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უაღრესად დადებითია
სალომე ზურაბიშვილი - ნატო-ს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უაღრესად დადებითია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნატო-ს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უაღრესად დადებითია. ამის შესახებ მან პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში ვიზიტისას ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, გენერალური მდივნისა და სამხედრო ხელმძღვანელობისგან საქართველოს მიღწევებთან, მის მიერ დაკმაყოფილებულ სტანდარტებსა და შესრულებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მხოლოდ მაღალი შეფასებები მოისმინა.

„საქართველოში ჩატარებულმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა რეფორმებმა მაღალი შეფასება მიიღო. ამის პირდაპირი ნიშანია 2019 წელს დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, ნატო-ს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა და მასშტაბური წვრთნების ჩატარება; შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების მიმართ გაზრდილი ინტერესი და თანამშრომლობის გაღრმავება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც რაიმე აგრესიულ მიზნებს ისახავს. სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისთვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს.

„ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად და გათვალისწინებულ შედეგს – ჩვენს დაშინებასა და გეზის შეცვლას – ვერ გამოიღებს.

ხომ ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.