სალომე ზურაბიშვილი - მთავრობა, ხალხი, 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდნენ საქართველოს ხვალინდელ დღეს, თუმცა მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი, გამოვდივარ გზავნილით, ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს
სალომე ზურაბიშვილი - მთავრობა, ხალხი, 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდნენ საქართველოს ხვალინდელ დღეს, თუმცა მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი, გამოვდივარ გზავნილით, ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართვლოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ აქვს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო რობერტა, პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით მე, რომ მივმართო ამ ასამბლეას. ეს არის ძალიან სერიოზული გზაგასაყარი ჩემი ქვეყნისთვის, ეს არის პატივისცემა. ქალბატონო პრეზიდენტო, 13 წლის წინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ამ ორგანიზაციის წინაშე და მე გამოვდივარ იმ მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ჩვენ საქართველოს ისტორიაში ვაწყდებით ასეთ მომენტს, სადაც საქართველოს მთავრობა, მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს, თუმცაღა საქართველოს მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია. ემყარება ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ისტორიას, ჩვენს შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისა, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას ვაკეთებ დაუღალავად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მუშაობს, რათა საქართველომ დაძლიოს შიდა და საერთაშორისო გამოწვევები, მაქსიმალურად იმოძრაოს ევროპული ინტეგრაციისთვის.

„მე დავიბადე საფრანგეთში, ემიგრანტ ოჯახში. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა მენახა თავისუფალი საქართველო, თავისუფალ ევროპაში, ერთადერთი გარანტია საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ყველა მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის სწრაფვის თვალსაზრისით. დაუღალავად ვმუშაობ. მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილის მთავრობაში. ვმუშაობდი საქართველოს მეზობლებთან და რუსეთის ძალების გაყვანაზეც ვახორციელებდი მოლაპარაკებას. მახსოვს, როგორ გამოვიდნენ რუსული ხომალდები ფოთიდან და ბათუმიდან, მაგრამ სამი წლის შემდეგ ისევ შემოვიდნენ რუსული ძალები საქართველოში. ჩვენ დავამყარეთ კონკრეტული კავშირი ევროპასა და საქართველოს შორის. ამ გადამწყვეტ დროს ჩვენი მოგზაურობისა ევროპის მიმართულებით, მე ვმუშაობ იმისთვის, რომ საქართველომ დაძლიოს შიდა და საერთაშორისო გამოწვევები და მაქსიმალურად იმოძრაოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ერთადერთი გზა არსებობს ამისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უკრაინაში ომზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა სოლიდარულია უკრაინელი ხალხისადმი.

„ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ტრაგიკული ისტორია აქვს. 200 წლის განმავლობაში ცარისტული იმპერიის, რუსიფიკაციის, საბჭოთა ტოტალიტარიზმის, რეპრესიისა და კვლავ რუსული აგრესიის თვალსაზრისით, რუსული აგრესიისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. მინდა, გავიმეორო პრინციპული სოლიდარობა საქართველოს მოსახლეობისა უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ იცავს საკუთარ ტერიტორიას, არამედ სისხლს ღვრის ყველა ჩვენგანისთვის – ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის. მინდა, გავიმეორო ჩემი პირადი პატივისცემა და აღტაცება პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ორივე ჩვენს ქვეყანას ეყოლება წარმომადგენელი ამ ორგანოში, რომლებიც გვერდიგვერდ ისხდებიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მისი მოთხოვნა საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით იწყება საქართველოს წარსულიდან – ერთობლივი ღირებულების, ერთობლივი კულტურული საფუძვლებისა“.

„საქართველოს გააჩნია სამი საყრდენი, რომელიც იყო ევროპული ცივილიზაციის, ბერძნული და რომაული მემკვიდრეობა, ქრისტიანობა. რომაულმა და ბერძნულმა ცივილიზაციამ დატოვა ძალიან დიდი კვალი ჩვენს მითოლოგიაში, არქეოლოგიაში და ქრისტიანობა იყო ჩვენი იდენტობის ცენტრალური ნაწილი და ერთ-ერთი პირველი სამეფო იყო, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა იმპერიებისა და დამპყრობლების წინააღმდეგ აღმოსავლეთ სანაპიროებზე შავი ზღვისა, როგორც პატარა საყრდენი ქრისტიანობისა, რომელიც ებრძოდა აზიის იმპერიებს. ამან მისცა დასაბამი ევროპულ იდეას. შეიძლება, ეს დამთხვევა არ არის, რომ ერთ-ერთი პირველი ფედერალისტური კონსტიტუცია ქართველის მიერ, პროფესორ მიხეილ მუსხელის მიერ იყო დაწერილი. ტოლერანტობა, მხარდაჭერა ადამიანების უფლებებისა დიდი ხნის წინ იყო გამოცხადებული. საქართველოს ტოლერანტობა გადარჩა ჩვენს რეალობაში და საქართველომ შექმნა ისეთი სახელმწიფო, სადაც რელიგიებს იცავდა საუკუნეების განმავლობაში. თბილისის არქიტექტურა გახლავთ ამის დამამტკიცებელი. მუსულმანური მეჩეთები, სინაგოგები, სხვადასხვა დენომინაციის და კონფესიის ეკლესიები. ეს ხანგრძლივი ტრადიცია, მშვიდობიანი თანაარსებობა რელიგიებსა და კულტურებს შორის საუკეთესოდ არის გამოსახული იმით, რომ 16 საუკუნე ქართველები და ებრაელები ერთად ცხოვრობდნენ, დისკრიმინაციისა და სხვა წნეხის გარეშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.