სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში, ემანუელ მაკრონთან, კამალა ჰარისთან, შარლ მიშელთან, ანგელა მერკელთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, საერთაშორისო ფორუმში (Generation Equality Forum) მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი, რომელიც გენდერული თანასწორობისთვის საჭირო ქმედებებსა და ანგარიშვალდებულებებზე საჯარო დისკუსიას წარმოადგენს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, საფრანგეთისა და მექსიკის თანათავმჯდომარეობითა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობით ტარდება.

მათივე ცნობით, ფორუმს ასევე დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი პუმზილე მლამბო ნქგუკა, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.

ფორუმის ფარგლებში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან.

გლობალური ფორუმი 29 მარტს მეხიკოში დაიწყო და პარიზში 2 ივლისს დასრულდება.